გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
შემოდგომა გენიალური მწერლის და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის დროა. 1954 წლის 2 ოქტომბერს, ის დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. მას მოიხსენიებენ კაცად, რომელიც სამყაროს მანათობელი და სინდისია.
მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩოხში იმართება. ამ დღეს იკრიბება ყველა, ვინც იცნობდა და ვისაც მოგონებები აკავშირებს გოდერძისთან. გოდერძი, 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა, გულის უკმარისობით 53 წლის ასაკში.
გუდამაყრელ მწერალს, გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ, პოეტი, მარიამ წიკლაური იხსენებს.
"გოდერძი ჩოხელი, პირადად გავიცანი, როგორც გამომცემლობა „ბაკმის“ რედაქტორმა, როცა მას სახლში ვეწვიეთ. იმ წლებში, 90-იანების ბოლოს,დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გოდერძის გამოცემა გადაწყვიტა გამომცემლობამ, სერიაში, „თანამედროვე ქართული მწერლობა“. კრებულის სათაური იყო „სულეთის კიდობანი“. ეს ნაწარმოები მის რომანებში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. გოდერძი ჩოხელი პირველივე პუბლიკაციებით გამორჩეული ავტორი იყო. ამდენი წლის მერეც, ახალ ათასწლეულშიც,მის პროზას არ დაუკარგავს თავდაპირველი პეწი დამშვენიერება, ღრმა სულიერი ფასეულობები. და გამორჩეულ ავტორადაც დარჩება.
გოდერძი დედით წიკლაური იყო, ჩემს შესახებაც იცოდა შეხვედრამდე და გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით.საოცარი თავმდაბლობა ახასიათებდა ურთიერთობაში.ცხადია,
მისთვის ნებისმიერი ქართველი ძვირფასი იყო. პირველი შეხვედრისას მაჩუქა წიგნი, „თევზის წერილები“ და დააწერა: ჩემსდედის ძმისშვილს, მაია წიკლაურს. ამ კრებულს და ავტოგრაფს ვინახავ , როგორც უძვირფასეს რელიქვიას.
გოდერძის შემოქმედება მიყვარს, ის სულიერი ღირებულებები და ფასეულობები, რასაც გოდერძის ლიტერატურა ატარებს, ეს არის მშვენება ქართული ლიტერატურისა და ზოგად საკაცობრიოცაა ,ამავდროულად. ცხადია მისი ფესვი, დიდი ქართული ტრადიციებიდან მომდინარეობდა, ქართული ფოლკლორიდანაც, ქართული სოფლის ყოფიდანაც. მისი სუფთა, შეურყვნელი , მართალი და სარწმუნოებრივი სიტყვიერების გამო ერგო იმგვარი სიყვარული, რომელიც მწერალს იშვიათად ერგება ხოლმე. რჩეულთა შორისაა. მე რომ მკითხოთ, გოდერძი ჩოხელის ლიტერატურა, სკოლებში უხვად უნდა ისწავლებოდეს.
ცრემლი გინდა თუ სიცილი, ტკივილი, ფილოსოფიური აზრი, ეროვნული, ადამიანური - ყველაფერია მის ნაწარმოებში. მიყვარს მისი სევდა, მისი ფიქრი სიკვდილზე, საიქავ-სააქაოს ერთიანობაზე...
თავად იყო დარდების შემგროვებელი, დაეძებდა დარდებს, არ გაურბოდა მათ და თვალს არ უხუჭავდა იმ ტკივილებს, რასაც ადამიანი დაატარებს. მას, როგორც კარგ შემოქმედს ჰქონდა, ინტუიციური დამოკიდებულება მოვლენებისადმი სამყაროში. შიშველი ნერვით გრძნობდა ყველა ტკივილს და გულზე გაუდიოდა ყველაფერი, რაც საქართველოს თავს ტრიალებდა. მისი პროზა არის, ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა ქართული ლიტერატურისთვის. მის შემოქმედებას მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა, მინიატურების კონკურსი დაარსდა მისი სახელობის, მასზე წიგნები გამოიცა, ითარგმნა თავად მისი შემოქმედება და უამრავი რამ გაკეთდა. გუდამაყარში, მისი სახელობის მემორიალური მუზეუმიცაა. ძალიან ადრე განეშორა ამ ქვეყანას. მისი გული, ბევრ დარდს და ტკივილს იტევდა, ამ ყველაფერმა მას ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ რაც დატოვა, ეს არის ადამიანისთვის ძალიან დიდი ნუგეში.
თანამედროვე ადამიანი მწირი სულიერი საკვებს იღებს, გოდერძი ჩოხელის მსგავსი ლიტერატურა კი ყუათს მატებს ამ საკვებს. როცა არ უნდა წაიკითხო გოდერძის მოთხრობები,ნოველები, რომანები, მუდამ გულზე გედება და გაღელვებს.
ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, როცა გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეცა, პირველი, გოდერძი ჩოხელის მოთხრობები ბავშვებისთვის გამომცემლობა „გორგაში“. იგი ბავშვებისთვის არ წერდა, მაგრამ ვიმუშავეთ ფსიქოლოგებთან ერთად და გამოვეცით პირველი კრებული ბავშვებისთვის „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“. ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, რომ ეს გავაკეთეთ“,- თქვა პოეტმა, მარიამ წიკლაურმა “პრაიმტაიმთან“.
ამონარიდები გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიდან:
ნაწარმოებიდან თევზის წერილები.
“რა არის სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება.ზოგი დაბადებიდანვე გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს მისი შიში,მანამ სულ–ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს”.
ნაწარმოებიდან წითელი მგელი
“ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან სადაც სიკვდილი ეგულება და იქით კი მირბიან,სადაც სინამდვილეში ელოდება ის”.
ნაწარმოებიდან წითელი მგელი
“სადაც სული წმინდა ფეხს ვერ იკიდებს, იქ იმ წუთში მგელი ჩასახლდება, მერე ეს მგელი ცდილობს საზოგადოებას კრავად მოაჩვენოს თავი. მგლებს ხომ კანონები უყვართ, ჰოდა ეს „კრავიც“ კანონებს ეფარება, კანონების ციხესიმაგრეში ცხოვრობს. ცხოვრებას შეჭიდებულ კაცს კი სადაც ფეხი დაუცდება იქ წამოეწევა ხოლმე და იმ კანონის ძალით სისხლს გამოსწოვს.”