მეცნიერებმა ლუი XIV-ს გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დაადგინეს

ლუი XIV

მეცნიერებმა საფრანგეთის ლეგენდარული მეფის, ლუი XIV-ის მუმიფიცირებულ გულს დნმ-ანალიზი ჩაუტარეს და მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ „მეფე-მზე“ გარდაიცვალა არა განგრენით, როგორც აქამდე მიიჩნეოდა, არამედ იშვიათი სოკოვანი ინფექციით.

ლუი XIV 1715 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა. მან ტახტზე 72 წელი გაატარა და ყველაზე დიდხანს იყო სახელმწიფოს მეთაური ევროპელ მონარქებს შორის. სამი საუკუნის განმავლობაში ისტორიკოსები გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად განგრენას მიიჩნევდნენ, თუმცა ახალი კვლევა მეფის უკანასკნელი დღეების შესახებ არსებულ წარმოდგენებს რადიკალურად ცვლის.

პათოლოგანატომ ფილიპ შარლიეს ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფმა მეფის შთამომავლებისგან - ჟან ორლეანელისა და ლუი-ალფონს დე ბურბონისგან მიიღო ნებართვა და გაანალიზა მეფის გული, რომელიც სენ-დენის ბაზილიკაში ინახება. მკვლევრებმა შემორჩენილ სისხლში არა განგრენის გამომწვევი ბაქტერიები, არამედ სოკოვანი მასალა აღმოაჩინეს. სპეციალისტების მონაცემებით, მეფე ქრომობლასტომიკოზით იტანჯებოდა - კანის ქრონიკული დაავადებით, რომელიც მე-18 საუკუნეში ექიმებისთვის უცნობი იყო.

შარლიემ განმარტა, რომ სოკოვან ინფექციას სიცოცხლესთან შეუთავსებელი სიმპტომები შეიძლებოდა გამოეწვია. გამოცემები წერენ, რომ სიკვდილამდე მონარქი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იტანჯებოდა, ხოლო თანამედროვეები მის სიმტკიცეს აღნიშნავდნენ. ჰერცოგი სენ-სიმონი წერდა, რომ მეფე „უსიტყვოდ აკვირდებოდა საკუთარ დაღმასვლას“.