აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

sanqcia

აშშ-ის ხაზინამ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ექვს ნავთობტანკერსა და მათთან დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს, ასევე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეუღლის სამ ძმისშვილს დაუწესდათ.

მედიის ცნობით, სანქცირებულთაგან ოთხი ტანკერი, მათ შორის 2002 წელს აგებული H. Constance და 2003 წელს აგებული Lattafa, პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, დანარჩენი ორი კი კუკის კუნძულების და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ.

სანქციები დაუწესდათ ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, ძმისშვილებს, რომლებიც ნარკოგარიგებებში მონაწილეობის გამო 2016 წელს ჰაიტიში დააკავეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ გემს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში 11 დეკემბერს დააკავა, სამართლებრივი პროცესის შემდეგ მის ბორტზე არსებულ ნავთობს ჩამოართმევენ, თავად ტანკერს კი აშშ-ის პორტში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც სათავეში უდგას „კარტელ დე ლოს სოლესის“ დაჯგუფებას. შეერთებული შტატები სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.