პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მესხეთის თეატრის დირექტორი, ირაკლი ათუნაშვილი, 2023 წელს, თეატრში დაგეგმილ სიახლეებზე გვიყვება. მისი განცხადებით, ძალიან მალე გამოსცემენ წიგნს, მესხეთის თეატრის ისტორიაზე და განვლილ გზაზე. ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და დახმარებით, მსახიობთა და თანამშრომელთა ხელფასი, დაახლოებით 40 პროცენტით გაიზარდა.
ირაკლი ათუნაშვილი: “2022 წლის დეკემბერში მოგვემატა ხელფასი, კულტურის სამინისტროს დახმარებით და ქალბატონი თეას დიდი ხელშეწყობით. ძალიან გვიხარია, რადგან, მე უკვე 9 წელია დირექტორი ვარ და ჩემს პრაქტიკაში არ მომხდარა მსგავსი ფინანსური ხელშეწყობა სამინისტროს მხრიდან. ფაქტი ერთია, რომ ქალბატონი თეა როცა დაგვპირდა სიახლეებს, ეს მხოლოდ დაპირებად არ დარჩენილა და უსამართლობა იქნება ამ ყველაფერს ყურადღების მიღმა თუ დავტოვებთ”.
ირაკლი ათუნაშვილის ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს დახმარებით და ხელშეწყობით, იგეგმება თეატრის სრული, კაპიტალური რემონტი, რაც თეატრს და მსახიობებს ახალ შესაძლებლობას მისცემს. სრულად განახლდება საგრიმიოროები, შენობა თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება, გახმოვანება, განათების ძელი სისტემა, ახლით ჩანაცვლდება:“ მსახიობებს და თანამშრომლებს მეტი პირობები ექნებათ რომ თავი კომფორტულად იგრძნონ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ქალაქის მერის ბატონი ირაკლი ლაზარაშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის თანადგომა. მათი თანადგომით, ყოველ წელს მუნიციპალიტეტი მხარში გვიდგას ფინანსური დახმარებით, გრანტის სახით იგი ყოველ წელს გვაძლევს თანხას, რათა უკეთ მუშაობა შევძლოთ, დავგეგმოთ გასტროლები”.
ახალ სეზონს თეატრი პრემიერით გახსნის. მოწვეული რეჟისორი, ნიკოლოზ საბაშვილი მაყურებელს აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ შესთავაზებს.“ ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები და სავარაუდოდ მარტის თვეში იგეგმება პრემიერა”.
წლევანდელი წელი გასული წლების მსგავსად დატვირთული იქნება. გეგმავენ 6-7 პრემიერას, ასევე საბავშვო წარმოდგენების დადგმას.
“თეატრი აქტიურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება ბევრი სპექტაკლის ჩვენება შევძლოთ”-ამბობს მესხეთის თეატრის დირექტორი.
თეატრი საგასტროლო წარმოდგენებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავს. საგასტროლო წარმოდგენებს გეგმავენ საზღვარგარეთაც.
ირაკლი ათუნაშვილი:“ არის ასეთი პროექტი, რომელსაც კულტურის სამინისტრო აცხადებს გაზაფხულზე, ტარდება კონკურსის სახით და მოიცავს გასტროლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, წავიღებთ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს, საქართველოს დიდ ქალაქებში, ეს მოხდება უფრო გაზაფხულზე. ასევე დაგეგმილი გვაქვს და ვმუშაობთ იმაზე, რომ ფესტივალებზე მივიღოთ მონაწილეობა საზღვარგარეთ. ახლა გავდივართ აპლიკაციების შევსების პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს წასვლა რუმინეთში, ან თურქეთში, ან ბოსნია ჰერცეგოვინაში. აუცილებლად უნდა ვთქვა ჩვენ ახალ სამგზავრო მიკრო ავტობუსზე, რომელიც კულტურის სამინისტრომ გადმოგვცა. ეს ტრანსპორტი აუცილებელია თეატრის ფუნქციონირებისათვის. ახალმა ტრანსპორტმა მეტი შესაძლებლობები მისცა მესხეთის თეატრს”.