ჯადოსნური სამყარო - მესხეთის თეატრის დრამატული წრე

თეატრი

მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ბავშვებს, ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებენ. ახალგაზრდებს სამსახიობო ოსტატობას, სწორ მეტყველებას, მოძრაობის პლასტიკას, სიმღერას და გრიმის გაკეთებას ასწავლიან.

“დრამწრეზე ბავშვები იუმჯობესებენ მეტყველებას, ეხსნებათ კომპლექსები, ეჩვევიან მრავალმხრივ აზროვნებას, სწავლობენ ზოგადად თეატრის ისტორიას, ეცნობიან სხვადასხვა დრამატულ ნაწარმოებებს და ეს ყველაფერი ეხმარება მათ მოქალაქეობრივი და პიროვნული აზროვნების ჩამოყალიბებაში” -  ამბობს მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი.

რეპეტიციები კვირაში რამდენჯერმე აქვთ. პატარა მსახიობების რეპერტუარი მრავალფეროვანია. ყოველ ახალ სეზონზე მაყურებლებს ორ პრემიერას სთავაზობენ. ამ ეტაპზე დრამწრეზე 60-მდე მოსწავლე დადის. ლია სულუაშვილთან ერთად, მოზარდებთან მუშაობს თეატრის წამყვანი მსახიობი, მანანა ბერიძე, რომელიც დაკავებულია ორგანიზაციული საქმიანობით და პატარებს ასწავლის მეტყველებას. მსახიობი ამბობს, რომ ბავშვების სცენაზე გამოჩენის შემდეგ, დრამწრით ქალაქში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

მანანა ბერიძე:“დიდი ხანია, რაც დრამწრეზე ვმუშაობ ქალბატონ ლიასთან ერთად, რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მე ვასწავლი მეტყველების კულტურას და ქალბატონი ლია დგამს სპექტაკლებს. ქალბატონ ლიას იმდენი გამოცდილება აქვს, რომ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ დღემდე და ამიტომ ჩემთვისაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბევრი სპექტაკლი გავაკეთეთ, განსაკუთრებული წარმატება ,,უფლისწულს და მათხოვარს“ ხვდა წილად. ამჟამად ვმუშაობთ ახალ პიესაზე. ძალიან კმაყოფილები არიან მშობლები და თავად ბავშვებიც. ვთვლი, რომ სწორედ ეს არის საზოგადო მოღვაწეობა, რასაც ქალბატონი ლია აკეთებს ახალი თაობისთვის”.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ახალციხეში პირველად დრამატული წრე 1972 წელს დააარსა. იმ ურთულეს პერიოდში ახალგაზრდები თეატრში შემოიკრიბა და მესხ მაყურებელს, მათი მონაწილეობით არაერთი სპექტაკლი წარუდგინა. 

„საბავშვო თეატრის წარმოდგენებს ყოველთვის დადებითი შეფასება მოჰყვებოდა. ვმონაწილეობდით საქართველოს მასშტაბით საბავშვო თეატრალურ ფესტივალებში და ჩვენი შეფასება ყოველთვის უმაღლესი იყო. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ბევრმა აირჩიე ეს პროფესია. დღეს ჩემი აღზრდილები ჩემი პარტნიორებიც არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მესხეთის თეატრს ვუზრდით თეატრალურ მაყურებელს”. ამბობს მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი.

მისი თქმით, წინა წლების მსგავსად, 2023 წლის თეატრალური სეზონი ახალგაზრდებისთვის დატვირთული იქნება. სულ მალე პატარა მსახიობები მაყურებლებს ახალ პრემიერას „მაკნატუნას“ შესთავაზებენ.