`ხუთი-ექვსი წლის წინ, პლაჟიდან ამოსულ „პლავკებიან“ რაულს ფოტო გადავუღე - თამარ ივერი

tamar iveri

თამარ ივერის ქმრის, რაულ ცხადაძის მდუღარეში ჩავარდნილ ტელეფონს, სოცქსელში იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ ლამის წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის თემა "გადაფარა". ოპერის მომღერალი ფეისბუქზე წერდა, რომ ადუღებულ ენდროში (სადაც კვერცხებს ღებავდა), მის ქმარს აიფონი ჩაუვარდა. მან ინსტიქტურად ხელი ჩაყო ამოსაღებად და ხელიც დაიწვა.

"ჩვენი დაენდროვებულ-ჩახარშული" მობილური თუ ასე გაახალისებდა აქაურ ფრენდებს, რომ ომსაც, აღდგომის დღესასწაულსაც და პანდემიასაც გადაავიწყებდა და მთელ დღეს მე დამითმობდნენ, როგორ მეგონა"-  წერდა ივერი.

მოკლედ, ტელეფონიც გადარჩა და რაულის ხელიც. პანდემია და ომგამოვლილ ერს, საღლიცინოდ მეტი რა უნდოდა. "სასწაულის ეგიდით" აიგდეს და ატრიალეს ივერის პოსტი. მერე "აიპლუსმა" რეკლამის გაკეთება მოინდომა და ივერის პოსტს, სახელდახელოდ შექმნილი "სარეკლმაო ფრაზა" წაუმძღვარა: დიახ, ეს აიფონი რაულიმ ნამდვილად აიპლუსში შეიძინა. თუ გინდა აქაფებულ მდუღარე ენდრო-გამძლეაიფონი, გვეწვიეო.

ფაქტი, რომ თითქოს რაულმა ტელეფონი მათთან შეიძინა, ტყუილი აღმოჩნდა. თამარმა სატელეფონო კომპანია ამხილა და დაამატა: რაულს ტელეფონი დედამ გამოუგზავნა უცხოეთიდანო.

"ასეთ რეკლამაზე "ხელის მოწერას" ან ოთხ ნულიანი თანხა, ან აიფონ 13 სჭირდება, ჩემო მეგობრებოო", რეკლამაზე ასეთი პასუხი გასცა მომღერალმა.

ივერი ფეისბუქზე წერს, რომ რაულის ბალიშს მალე აუქციონზე გაყიდის. რომელ ბალიშს გულისხმობს მომღერალი, თვითონ უყვება "პრაიმტაიმის" მკითხველს.

თამარ ივერი: -  ხუთი-ექვსი წლის წინ, პლაჟიდან ამოსულ "პლავკებიან" რაულს ფოტო გადავუღე, რომელსაც ბალიში ედო წინ. ეს ფოტო ამ აიფონის ისტორიით ისე გაპიარდა, რომ სულ ქალები აკომენტარებდნენ ბალიშზე აქცენტით - ბალიში, ბალიშიო. ამიტომ დავწერე, აუქციონზე გავყიდი და ვინმე ბალზაკის ასაკის დეიდა იყიდის და გაიხარებს-მეთქი (იცინის).

ხელი მოურჩა. იცით, როგორ იყო? ინსტიქტურად ჩაყო ცხელ ქვაბში. ენდრო რომ იხარშებოდა, შიგნით ბევრი ხახვის ფურცელი მქონდა ჩაფენილი და კვერცხი იღებებოდა. რაულს ეგონა, ტელეფონი ზემოდან დავარდებოდა და ხელი ინსტიქტურად ჩაყო. მაგრამ ნურაც უკაცრავად, ძირში ჩავარდნილა. 

ამ პოსტით ისეთი ხალხის ყურადღება მივიქციე, რომ ძალიან მიკვირს. დასტრესილ ხალხს გადაადავიწყდა ყველაფერი. მაგრამ ოღონდ გაიხარონ და თუნდაც მე ვიყო ადრესატი. 

მომღერალმა ხუმრობის მიღმა თავისი გეგმები გაგვიმხილა. მოგეხსენებათ, თამარი კონსერვატორიაში ასწავლის. მალე გამოცდები დაიწყება და ის ჟიურიში ზის. აქვს სტუდენტების კონცერტი და გარდა ამისა, ბათუმში ფესტივალს აფუძნებს.

თამარ ივერი: მუსიკალური ხელოვნების ფესტივალი "ბათუმის რაფსოდია" დავაფუძნე. სახელწოდების ინსპირაცია "ქვინის" "ბოჰემურმა რაფსოდიამ" მომცა.

სექტემბერში შავ ზღვაზე, ამ ფესტივალის ჩარჩოში, ვოკალისტების საერთაშორისო კონკურსს ჩავატარებ. ფესტივალი სხვადასხვა ჟანრის იქნება - ფილმის ჩვენება, გამოფენა, საოპერო კონცერტები, შეიძლება ჯაზიც იყოს... ოღონდ ეს ყველაფერი გაისად. წელს პანდემიისა და უფინანსობის გამო, ფესტივალი ასეთი მასშტაბური ვერ იქნება. ახლა ჟიურის წევრებთან მოლაპარაკება მაქვს, რომელიც უცხოელებით იქნება დაკომპლექტებული...