,,იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - ვერაფერი ვუპასუხე... ვიცოდი, ჩემი პროტესტი უადგილო იქნებოდა" - ლევან აბაშიძის დედა, მანანა ხიდაშელი

levan

ლევან აბაშიძე, თავისი მამაკაცური მომხიბვლელობითა და ქარიზმით, ხომ იყო 80-90-იანი წლების თბილისის გულთამპყრობელ რაინდთა სიაში. მისგან მონუსხული გოგონები ერთმანეთს ანუგეშებდნენ.

თურმე ფიზიკურად დედას ჰგავდა.  მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე სილამაზითა და კეთილშობილებით გამორჩეული წყვილი იყო თბილისში.

აი, როგორ იხსენებს ლევანის დედას, მანანას და მის ოჯახის წევრებს ვახუშტი კოტეტიშვილი.

"...მომდევნო სახლში ცხოვრობდა ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი ხიდაშელ-ვირსალაძეების ულამაზესი ოჯახი: შალვა ხიდაშელი, ელენე (ლოლოტა) ვირსალაძე და მათი ქალიშვილი მანანა. ძია შალიკო და დეიდა ლოლოტა მამას ნასტუდენტარები იყვნენ და მისი დიდი თაყვანისმცემლები.

ამ ოჯახში ვინ ვის სჯობდა შინაგანი თუ გარეგანი სილამაზით, ვერ გაარკვევდით. დეიდა ლოლოტა დედაჩემთანაც მეგობრობდა და როდესაც ორივენი ფეხმძიმედ იყვნენ, დედაჩემი ჩემზე და დეიდა ლოლოტა - მანანაზე, ერთად სეირნობდნენ თურმე პეტრე დიდის, ანუ დერჟინსკის ქუჩაზე.

დეიდა ლოლოტა ჩემთვის იყო ხატი სადედოფლო ქართველი  მანდილოსნისა. უჭკვიანესი, უგანათლებულესი, დიდებული და ამავე დროს, კდემამოსილი. თავის ირგვლივ საოცარ აურას ქმნიდა.

1937 წელს იგი 24 წლის ასაკში დააპატიმრეს და სასწაულად გადაურჩა დახვრეტას. როგორ გაატარა ჯერ უკიდურესი ჩრდილოეთისა და შემდეგ შორეული აღმოსავლეთის საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლების წლები. მაგრამ ვერ გააჩინეს კომუნისტმა ჯალათებმა მის გულში ბზარი, ვერ მოტეხეს, ვერ დათრგუნეს ამ საოცარი ქალის გმირული სული. ელენე ვირსალაძეს ეს წიგნი დასაწერი დარჩა. მის ამ დაუწერელ მოგონებებს მეღა შემოვრჩი ერთადერთ მემატიანედ."  ვახუშტი კოტეტიშვილი - "ჩემი ბავშვობის ქუჩა"

***

 22 მაისს ლევანის დაბადების დღეა. 60 წლის გახდებოდა...

აფხაზეთის ომში გიო მგელაძის ფილმის გადაღების დროს წავიდა. “არა, მეგობაროში” მთავარ როლს ასრულებდა.  1992 წლის 7 სექტემბერს კი სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა.

მოგვიანებით დედა ასე გაიხსენებს ამ შემზარავ ამბავს.

“საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი შინ არ გაჩერდებოდა.

4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი.

- იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მითხრა.

ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა…” – იხსენებს მანანა ხიდაშელი.