ელისო ბოლქვაძე ავსტრიის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

ელისო ბოლქვაძე

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, კრისტოფ თუნ-ჰოჰენშტაინს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა იყო ავსტრიაში მოქმედი კულტურის სტრატეგიის პროგრამა და ინოვაციური ხედვები კულტურის სფეროში. ასევე, საუბარი შეეხო კულტურის დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესებში. მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში ციფრული მექანიზმების დანერგვის აუცილებლობა.

ამასთან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძე ავსტრიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ევა ბლიმლინგერს შეხვდა.

შეხვედრაზე ევა ბლიმლინგერმა კულტურის სფეროს საკანონმდებლო ინიციატივებისა და კანონების იმპლემენტაციის დაჩქარებულ მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პარლამენტმა პანდემიის დროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით მიიღო. შეიქმნა ხელოვანთა დახმარების სპეციალური ფონდი. შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს იუნესკოსთან მუშაობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები კრიტერიუმების განვითარების კუთხით.

შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი.