ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა

ეიფელის კოშკის ნაწილი

ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე თითქმის 450 ათას ევროდ გაიყიდა. საუბარია კოშკის ისტორიული კიბის ფრაგმენტზე -14-საფეხურიან სექციაზე, რომლის სიმაღლე დაახლოებით 2,7 მეტრია, ხოლო წონა თითქმის 1,4 ტონას შეადგენს. ეს ნაწილი ნაგებობის მეორე და მესამე დონეებს აკავშირებდა. სწორედ ამ კიბით ადიოდნენ 1889 წლის მსოფლიო გამოფენის სტუმრები, რომლისთვისაც ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა თავისი კოშკი დააპროექტა, რაც მოგვიანებით პარიზის სიმბოლოდ იქცა.

1983 წელს კოშკის მეორე და მესამე დონეებს შორის არსებული კიბის დემონტაჟი განახორციელეს, რადგან ის ზედმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს და თანამედროვე ლიფტებით შეცვალეს. ამის შემდეგ კონსტრუქცია 24 ნაწილად დაჭრეს. დღეს მისი ცალკეული ფრაგმენტები ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკებასთან, იაპონიის მუზეუმებსა და კერძო ბაღებში, ხოლო ერთ-ერთი მათგანი - დისნეილენდში ინახება.