ძალიან გვიან, მაგრამ მარგარიტა მაინც დაბრუნდა ნიკალასთან...

nikala

ფიროსმანის გარდაცვალებიდან 105 წელი გავიდა.

ამბობენ, თბილისში, ერთ დილას, იმ სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი - მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ისინი უთვალავი ახლადმოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული.

ამ, ყოვლად უჩვეულო მსვლელობას უკან წარმოშობით მირზაანელი, საცხოვრებლად თბილისში გადმოსული კაცი მიუყვებოდა, რომელსაც ქალაქელები ნ ი კ ა ლ ა ს ეძახდნენ...
და ყველამ იცოდა, რომ ის მხატვარი იყო. ღარიბი ნიკალას სიყვარული კი იმთავითვე განწირული და უიღბლო იყო. ახლა კი, სულ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი გაეყიდა, იმ ფულით ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ყვავილი ეყიდა და 9 ურმით დატვირთული მიდიოდა ქალთან, რომელსაც გასტროლებზე ჩამოსულს, სცენაზე, თავისი საოცარი ცეკვით, ნამდვილი ცეცხლი დაენთო... და მხატვარსაც შეჰყვარებოდა...

შემთხვევა, რომელმაც ფიროსმანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, 1905 წლის 18 აპრილს მოხდა. ამ დროს მთელი თბილისი სავსე იყო აფიშებით: „ყურადღება, სიახლე! თეატრი „ბელ ვიუ“ და მარგარიტა დე სევრის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში! შანსონიების უბადლო შემსრულებელი, რომელიც ამავე დროს კეკ-უოკსაც შეუდარებლად ცეკვავს!“

ალბათ, თავის ფერადოვან სამყაროში ჩაძირული მხატვარი ყველაზე ნაკლებად კეკ-უოკის ცეკვასა და შანსონიებზე ფიქრობდა, მაგრამ როცა მუშტაიდის ბაღში მჯდარმა ესტრადაზე მომღერალ მშვენიერ ფრანგ ქალს მოჰკრა თვალი, ისე შეუყვარდა, რომ მისი სიცოცხლის განუწყვეტელ ნაწილად იქცა.

ნიკო ფიროსმანის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლის, რუსი მხატვრის კირილ ზდანევიჩის მოგონებებში ვკითხულობთ:

„ნიკომ არ იცოდა, რა არის სიყვარული, ვიდრე არ შეხვდებოდა მომღერალსა და მოცეკვავეს კაფე „შაიტანში“. მუშტაიდის ბაღში, განათებულ სცენაზე, მაზურკის ულამაზესი მელოდიის აკომპანემენტით, ქალბატონი მარგარიტა აღტაცებული და აღტყინებული საზოგადოების წინაშე მომხიბვლელად მღეროდა ფრანგულ მხიარულ სიმღერებს და ცეკვავდა… ნიკო თვალს ვერ აშორებდა, მისი გული და გონება სრულიად დაიპყრო სანახაობამ“.

როცა მარგარიტა მიხვდა, რომ მხატვარმა უკანასკნელი გროში დაახარჯა და აღარაფერი გააჩნდა, მის მიმართ ინტერესი დაკარგა და მთლიანად მდიდარ თაყვანისმცემლებზე გადაერთო.
ერთ დღეს კი მარგარიტასთან მისულ ნიკალას დახვდა ბარათი, რომლითაც პარიზში გამგზავრებული აქტრისა მას სამუდამოდ ემშვიდობებოდა.

ის წავიდა...

და დარჩა ტილოზე გადატანილი ნიკალას სიყვარული - სახელად “აქტრისა მარგარიტა“.
და აი... გაივლის დრო და ნიკალა ხდება ნიკალა!
და მას მთელი მსოფლიო აღიარებს.

განცდილმა ტკივილმა და იმედგაცრუებამ სამუდამო დაღი დაატყო მარტოსული მხატვრის დარჩენილ ცხოვრებას - სიტყვაძუნწი, ჩაკეტილი და ჩუმი გახდა. ამიერიდან მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დუქნების აბრებისა და კედლების მოხატვა იქცა.

ერთხელ ნიკალამ ლადო გუდიაშვილს უთხრა:

„ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის კინტოსა და სხვა ნაძირალის ჯვარცმას. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას… მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე… მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ.

ცხოვრება კონტრასტია: მდიდარი – ღარიბი, კეთილი – ბოროტი… როცა ორთაჭალის ტურფებს ვხატავ, მე მათ შავი ცხოვრების ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც აქვთ ცხოვრების სიყვარული. ეს არის მათ ირგვლივ მოთავსებული ყვავილები და ჩიტები. მათ თეთრ ზეწრებში გახვეულებს ვხატავ, მებრალებიან, თეთრი ფერით ცოდვებს ვაპატიებ. უშვილო მილიონერი მდიდარია, ბედნიერი, სხვისი უბედურებისთვის ყრუა. ის ბატონია. ბავშვებიანი ღარიბები ფეხშიშვლები, მშივრები არიან. ისინი მებრალებიან“,

...

1969 წლის მარტის თვეში კი ფიროსმანის ტილოებს "პარიზის დეკორატიული მუზეუმის დარბაზები" უმასპინძლებს.
თბილისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, რომელსაც პარიზის ამ გამოფენის ორგანიზება აქვს დავალებული, მოულოდნელად დარბაზში შემოსულ ოთხმოციოდე წლის ქალბატონს შეამჩნევს, რომელსაც, უცნაური, მღელვარე ღიმილი დასთამაშებს და გამოფენის კომისარს სთხოვს სურათი გადაიღოს "აქტრისა მარგარიტასთან" ახლოს...
ეს ის "მარგარიტაა", მარგარიტა დე სევრი!.. ფიროსმანის ტილოების სანახავად მოსული... 

ნიკალას მარადიული სიყვარული... ძალიან გვიან, მაგრამ მარგარიტა მაინც დაბრუნდა ნიკალასთან...