ჩინელმა მხატვარმა, აი ვეივეიმ კლოდ მონეს "წყლის ლილიები" ლეგოს 650 000 ნაწილისგან ხელახლა შექმნა

ლილიები

ჩინელმა მხატვარმა, აი ვეივეიმ კლოდ მონეს "წყლის ლილიები" (ასევე ცნობილია სახელწოდებით "წყლის შროშანები") ლეგოს 650 000 ნაწილისგან ხელახლა შექმნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ცნობილი მხატვრის ნამუშევრის ნახვას დამთვალიერებლები ლონდონში აპრილიდან შეძლებენ. აი ვეივეიმ ინსტალაციისთვის 22 სხვადასხვა ფერი გამოიყენა. მუზეუმის ინფორმაციით, ესაა უდიდესი ნამუშევარი, რომელიც ოდესმე ლეგოს ნაწილების დახმარებით შექმნილა. ინსტალაციის სახელწოდებაა "წყლის ლილიები #1".

ვეივეის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე ცნობილ ჩინელ თანამედროვე მხატვარს. გარდა სახელოვნებო საქმიანობისა, ის აქტივისტიცაა და ჩინეთის მთავრობის პოზიციების ღიად აკრიტიკებს. სწორედ ამ მიზეზით მას არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა. 2011 წელს ბეიჯინგში "ეკონომიკური დანაშაულისთვის" დააპატიმრეს. მან ციხეში 2 თვეზე მეტი გაატარა. საბოლოოდ, 2015 წელს ქვეყნიდან წასვლის უფლება მოიპოვა. ბოლო წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და პორტუგალიაში.

ვეივეი საკუთარი შემოქმედებით კვლავ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციაზე. სათქმელს ხშირად ვიზუალური საშუალებებით გადმოსცემს - მათ შორის, კლიპებითა და ფოტოგრაფიით. არტისტი აქტიურად მუშაობს ფაიფურზეც.