დიეტაზე არასდროს ყოფილა - რა იყო ოდრი ჰეპბერნის დახვეწილი ფორმების საიდუმლო

ოდრი

ოდრი ჰეპბერნი - დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ სახელისა და გვარის წარმოთქმისთანავე ყველას თვალწინ უნაკლო და დახვეწილი ფიგურა წარმოუდგება.. ლეგენდარული, უნიჭიერესი და ულამაზესი ოდრი უამრავი ქალისთვის ინსპირაციის წყაროა..

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის გარდაცვალებიდან დიდი დრო გავიდა, დღემდე არ წყდება საუბარი იმაზე, თუ როგორ ახერხებდა ის საოცარი ფიგურის შენარჩუნებას.

წლების მანძილზე უამრავი ადამიანი ირწმუნებოდა, რომ ოდრის სიგამხდრე კვებითი დარღვევებით იყო გამოწვეული. თუმცა, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

როგორც ოდრის ვაჟმა, ლუკა დოტიმ განაცხადა, ჰეპბერნი დიეტაზე არასდროს ყოფილა.

„დედას უყვარდა იტალიური საჭმელი - განსაკუთრებით კი პასტა. ის დიდი რაოდენობით ბოსტნეულს მიირთმევდა. უარს არც ხორცზე ამბობდა. თუმცა, ყველაფერს, ყოველთვის მცირე რაოდენობით ჭამდა“,- ამბობს ლუკა დოტი.

როგორც მსახიობთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, ოდრის დილა ყოველთვის პურისა და ჯემის კომბინაციით იწყებოდა. მსახიობს ღრმად სჯეროდა, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. ამიტომ, ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად ნოყიერად ეჭამა. ლანჩზე ის ძირითადად მცირე რაოდენობით ხორცს ან პასტას მიირთმევდა, რომელსაც აუცილებლად საკუთარ ბაღშივე დაკრეფილ ბოსტნეულს უმატებდა. სადილზე უპირატესობას ქათმის წვნიანს ანიჭებდა. უარს არც შოკოლადის მირთმევაზე ამბობდა. რაც შეეხება ვახშამს, ის მაქსიმალურად მსუბუქად იკვებებოდა და არჩევანს თევზზე აჩერებდა.

აღსანიშნავია ის, რომ ლეგენდარული ჰეპბერნი თვეში ერთხელ ე.წ. დეტოქს-დიეტას მიმართავდა. ამ დროს ის მხოლოდ ხილს, ბოსტნეულსა და იოგურტს მიირთმევდა. ასევე, ამზადებდა სხვადასხვა სახის სმუზს.

ოდრის ვაჟის თქმით, მსახიობის რაციონში დიდი ადგილი ეკავა კარტოფილს. 

„კარტოფილი მისთვის იყო პურიც და კარაქიც“ - ამბობს ის. 

როგორც ჰეპბერნი აღნიშნავდა, კარტოფილი, დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ანტიოქსიდანტებსა და მაგნიუმს შეიცავდა , რაც ჯანსაღი და ბზინვარე კანისთვის აუცილებელი ელემენტი იყო. 
 
და ბოლოს, ოდრის ღრმად სწამდა, რომ ყველაზე დიდი სამკაული და მშვენიერება ქალისთვის ბედნიერება იყო. ალბათ ყველას გვახსოვს მისი ლეგენდარული სიტყვები:

„იმისთვის, რომ ლამაზი ტუჩები გქონდეთ, ლამაზი სიტყვები წარმოთქვით. ლამაზი თვალები რომ გქონდეთ, ეცადეთ სხვებში მხოლოდ დადებითი დაინახოთ.“

ოდრის სჯეროდა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალება იყო. მას სჯეროდა იმის, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან..