"ბერებმა ისე კეთილად "დამცინეს", ეგრევე მოვეშვი. როცა საშუალება მაქვს, მივდივარ მონასტერში და ვხვდები, რომ კიდევ მაქვს შანსი რაღაცნაირად გამოვსწორდე" - ილიკო სუხიშვილი

iliko

ილიკო დღეს იუბილარია. ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი 51 წლის გახდა. 

ინტერვიუებს ნაკლებად აძლევს პრესას. საპატრიარქოს" გადაცემას - "შაქრით თუ უშაქროდ", სამი წლის წინ, საინტერესოდ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს, საიდანაც ბევრს გაიგებთ მასზე. 

ილიკო სუხიშვილი: რელიგია რაღაც გარკვეული ასაკიდან უფრო გავიაზრე. იყო ეტაპები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც შეხედულებები მეცვლებოდა. ადრე ინტერესის გამო გადავწყვიტე მონასტერში წასვლა. რაღაცნაირმა ეგზოტიკამ მიმიზიდა. ეს იყო 90-იანი წლები. მაშინ აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ბევრი დაკეტილი მონასტერი იყო იმ დროს. იმდენი წინამძღვარი და მორჩილიც არ იყო, რამდენი მონასტერიც.

ერთხელ, ბერებმა მკითხრეს, საძოვარზე ძროხებს წაიყვანო? უარს როგორ ვეტყოდი ამ ხალხს. წავიყვანე და ვფრთხილობდი. დავყვებოდი მთელი დღე. მერე უცებ ერთი გაიქცა და მთელი ჯოგი გაჰყვა. როგორც მერე მითხრეს, ბზიკმა უკბინა ალბათო. მე რა ვიცოდი. ერთხელ მომაბარა ასეთმა ხალხმა და არაფერში მე არ გამოვდექი-მეთქი, ვინერვიულე. ბერებმა ისე კეთილად "დამცინეს", ეგრევე მოვეშვი. ესეც იმის მაგალითი იყო, რომ ასეთი წვრილმანები იმასთან შედარებით არაფერია, რაშიც მთავარი აზრი დევს.  

მონასტერში ყოფნა ჩემთვის იყო დიდი გამოცდილება. მივხვდი, რომ ზედმეტი რომ არაფერი აქვთ და მხოლოდ ნატურალური, ორგანული სულიერებით არიან. ნამდვილი გვერდში დგომის მაგალითი იყო ჩემთვის. როცა საშუალება მაქვს, ან დღესასწაულებზე მივდივარ მონასტერში და ვმშვიდდები, ვხვდები, რომ ჯერ არ არის დაკარგული დრო, კიდევ მაქვს შანსი რაღაცნაირად გამოვსწორდე და სულიერი მდგომარეობა მოვიწესრიგო. 

არის ადამიანი, რომელიც არ მარხულობს, არ ლოცულობს, მაგრამ გახსნილია, ამბობს, რომ სულში და გულში ღმერთი შევუშვიო. სადღაც ჩემთვის შეიძლება ეს უფრო მისაღები იყოს, ვიდრე ეკლესიის წესები ასრულოს და სულიერება არ ჰქონდეს. ან იგივე ტაძარში შესულ შარვლიან გოგოს შენიშვნა მისცეს, დააბრკოლოს. ის დამფრთხალია, მისთვის შენიშვნა ეკლესიაში საშინელებაა, რადგან იქ შვებას ეძებს. იქნება ამ დროს "გზააცდენილმა" ხელი ჩაიქნიოს და თქვას, აქ ვეძებდი შვებასო. 

სულიერება შენში, ადამიანში ზის და ამავე დროს, შეიძლება ადამიანმა ის დაკარგოს. ალბათ, ბევრს ჰქონია ეს ეტაპი, როცა გგონია, რომ ფრთები ამოგდის. მონასტერში ერთი კვირის შემდეგ ჩემი თავი მეგონა, არ ვიცი, ლამის წმინდანი. ისე მალე ჩავერთე იმ გარემოში და ისე მომწონდა ეს ყველაფერი, მერე როცა დრო გავიდა, მივხვდი, რომ ხიბლის ეფექტი მქონდა, ეს იყო გარეგანი, რაც ხელს მიშლიდა. ადამიანი თავის ნამდვილ სულიერებას ამ გარეგანი ცოდნებით (რა არის საზოგადოებაში მისაღები, რა არა და ასე შემდეგ) შეიძლება კარგავდეს. პერიოდულად ანალიზს ვაკეთებდი - მთავარია სული გახსნა და შეიგრძნო სინათლე და სულიერი ბედნიერება. მაქვს შინაგანი მადლიერების განცდა, ღმერთმა ამხელა საჩუქარი სიცოცხლე გვაჩუქა, უნდა გამოიყენო და ყოველი წამის სილამაზეში მისი მნიშვნელობა იპოვო, დრო არ უნდა დაკარგო. ცუდია, როდესაც ასეთი საჩუქარი გაქვს მიღებული და არ უფრთხილდები.

შემოქმედება მნიშვნელოვანია, რაღაცის შექმნა, თუნდაც უხილავის ან ადამიანისთვის რაიმეს თქმა, ან რაიმეს გაკეთება სხვისთვის, თუნდაც უმნიშვნელოსი, ჩემი აზრით, შემოქმედებაა და ტყუილად განვლილი დრო არ არის. დაკარგული დრო რომ მახსენდება, ვნანობ, რომ ბევრი იყო და გული მწყდება. ღმერთი შემოქმედია და ის მაგალითს გვაძლევს, რაღაცის შექმნასა და სხვისთვის სასარგებლო რაღაცის კეთებაში. 

პატრიარქისგან რომ გამოვდივარ, ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ვარ. ამდენი საფიქრალი აქვს და  წარმოუდგენელი ბედნიერებაა ჩემთვის, როდესაც მომიკითხავს, ჩემზე ფიქრობს... ეს ჩემს აზროვნებაში არ ეტევა. პატრიარქმა თუ ჩაიბარა პრემიერა და მოეწონა, მერე სხვისი კრიტიკა ნაკლებად მაღელვებს. ცეკვების სტილისტიკაში კარგად ერკვევა. მთიულური ცეკვები მოსწონს, მისთვის ახლოა. ბიჭები მუხლებზე რომ ეცემიან, ხომ არ ტკივათო, მკითხა. ვარჯიშობენ, დამცველები უკეთიათ-მეთქი რომ ვუთხარი, ხო, მაგრამ მაინცო...  "ცდო" რომ ვაჩვენე, აი, იქ დაბლიდან გადადიან მუხლზე და ზევიდან დაცემის შეგრძნება არ არის. ამგვარად, პატრიარქმა ერთგვარად წვლილი შეიტანა ქორეოგრაფიაში, აზრი მოგვაწოდა, რომ ისე იყოს ცეკვა, გრძნობა არ გეუფლებოდეს, რომ ადამიანს სტკივა...