1771582865
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა - სასწავლებელს 15 პიანინო და როიალი გადაეცემა
აჭარის კულტურის სამინისტროს ეგიდით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრასრუტების კულტურული პროგრამის (GCGP) გრანტი მოიპოვა. სასწავლებელს, გრანტის ფარგლებში, 15 პიანინო და როიალი გადაეცემა. საგრანტო ხელშეკრულებას სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა, ნინო ჩაიძემ და იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს.
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, სამუსიკო სასწავლებელს გრანტის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სახელოვნებო სკოლების ინსტიტუციური და მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით. ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ ხაზი გაუსვა მუსიკალური სკოლის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს აჭარაში მუსიკალური ტრადიციებისა შენარჩუნებასა და კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში. მისივე განცხადებით აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამყარებს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრულ და კულტურულ პარტნიორობას.
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებლის ახალი მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა ხელს შეუწყობს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებასა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა პროფესიულ განვითარებას, სახელოვნებო განათლების სტანდარტების ამაღლებას.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.










