პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი, 2022 წლის 27 აპრილს მოეწერა. „მართვეს“ ახალი სახელწოდებაა: სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ანსამბლმა „მართვემ“ დაიბრუნა უფლებამოსილების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა, როგორც ეს ჰქონდა თავისი არსებობის მანძილზე 2018 წლამდე, როდესაც ის სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ სტრუქტურული ერთეულის სახით შეუერთდა.
„მართვეს“ ანსამბლ „რუსთავისგან“ გამოყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულწლოვანთა ფოლკლორული ანსამბლებისათვის სახელმწიფომ მოამზადოს ახალი თაობები, რაც „მართვეს“ ანსამბლ „რუსთავის“ ორგანიზაციულ სტრუქტურაში ყოფნით რთულად ხერხდებოდა. აღსანიშნავია, რომ „მართვე“, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეძლებს თავისივე განვითარებისთვის გამოიყენოს ის საკუთარი შემოსავლები, რომლის წყაროც სიმღერის, ცეკვისა და თეატრის გაკვეთილებზე ჩაწერილი მოსწავლეების მიერ ორგანიზაციაში შეტანილი საფასურია.
ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას გააგრძელებენ იმავე მისამართზე (მის.: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N103), თითოეული მათგანისათვის საჭირო სივრცეში.
„მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი იქნება. „მართვე“ კვლავ შეინარჩუნებს სამ სასწავლო-სახელოვნებო მიმართულებას: სიმღერა, ქორეოგრაფია და თეატრი.
ამჟამად, სამხატვრო ხელმძღვანელი, „მართვეს“ აღსაზრდელებთან ერთად, აქტიურად მუშაობს და ემზადება ანსამბლის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის პრეზენტაციისა და წარდგენისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გია ყანჩელის სახელობის ბაღში (ყოფილი არტოს ბაღი) გაიმართება.
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მართვე“ 1978 წელს, საქართველოს სახალხო არტისტმა, ლოტბარმა და კომპოზიტორმა, ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ის, არაერთ სასწავლო-სახელოვნებო დარგს აერთიანებს.
მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ანსამბლში ასეულობით ახალგაზრდამ შეისწავლა ხალხური სიმღერა. ანსამბლი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „მართვე“, 2018 წელს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „რუსთავი“ შეუერთდა, როგორც სტრუქტურული ერთეული.