1791316484
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება ,,პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა” გაიმართა
აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით,პეტრას ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება ,,პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა” გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა კულტურული ტურიზმის განვითარებას, ფართო საზოგადოებისთვის პეტრას ციხე-ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, ისტორიული მეხსიერების დაცვასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას. შემეცნებით საღამოს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ცეცხლაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. შემეცნებით საღამოს ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რეგიონის ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ. კულტურულ-შემეცნებით საღამოზე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, დავით მუქერიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ქორმაისტერ - გელა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით და სოლისტები - ბაჩო ნაკაშიძე, არჩილ გოგიტიძე, მარიანა ბერიძე, ლელა სიხარულიძე, ჭაბუკა სურმანიძე და დავით გველესიანი. საღამოს ბერდო კუტუბიძე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პეტრას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები კიდევ ერთხელ გააცნო. მუსიკალური პროგრამის ფარგლებში აჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. ასევე, მოეწყო პეტრას ისტორიის ამსახველი ფოტოებისა და არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების ექსპოზიცია. კულტურულ-შემეცნებითი პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით განხორციელდა.











