გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
19 ივლისს ბუბა კიკაბიძე 86 წლის გახდებოდა. ამ დღეს, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, არტისტი თავის აგარაკზე - გონიოში ატარებდა. მოუბეზრებლად თევზაობდა, ტრადიციულად "სადაბადებისდღეო" კონცერტს ატარებდა და პატარა სუფრასაც შლიდა. ზღვაზე ყოფნა და ბათუმი უყვარდა. გულით უმღეროდა საყვარელ ხალხს და თავის ქვეყანას...
ბუბას გონიოს სახლში, დღეს, ტრადიციის დაურღვევლად, სიმბოლური სუფრა გაიშლება. არტისტის გერი, მარინა საღარაძე ეცადა, 19 ივლისს ბუბას ხსენება, დღეს ამ სახლის კედლებში ყოფილიყო... ის „პრაიმტაიმთან“ საყვარელ მამობილს და დიდ მეგობარს იხსენებს.
მარინა საღარაძე: ამ დღეს გონიოში იყო ხოლმე. ძალიან უყვარდა აქ ყოფნა, თევზაობა. კარგად ისვენებდა. თან თავისი დაბადების დღისთვის პატარა სუფრას შლიდა. ტრადიციულად 19 ივლის კონცერტს აკეთებდა ბათუმში. გიჟდებოდა აქაურობაზე. ამ დღის გატარება აქ უნდოდა ბოლო 15 წლის მანძილზე. ახლა მეც გონიოში ვარ. ხელი აქ არაფრისთვის მიხლია. როგორც დატოვა, ისეა ყველაფერი. ანკესებიდან დაწყებული, რაც უყვარდა, ყველაფერი აქ არის.
ანკესების კოლექცია დატოვა. ყველა ქვეყნიდან ჩამოჰქონდა. სერიოზული მეთევზე იყო. თავის მეგობართან, ფანტასტიკურ პიროვნებასთან, გურამ მელივასთან ერთად თევზაობდა ხოლმე. თევზაობის თავისი რიტუალი ჰქონდათ. იყვნენ ერთ ამბებში, თავგადასავლებში. მერე ჰყვებოდნენ და ვიხოცებოდით სიცილით.
ერთხელ, სადღაც, მდინარეზე წასულან სათევზაოდ. სერიოზული დინება ყოფილა. ბუბა ნავში რომ ჩამჯდარა, დინებას გაუტაცებია ნავიანად. გურამი ნაპირით დადევნებია. მოსულან ადგილობრივი სოფლელები და ძლივს გაუჩერებიათ დინებისგან გატაცებული ბუბა. ამას თვითონ ისე ჰყვებოდნენ, ცოცხალი ვერ გადარჩებოდი.
თევზზე დიდად არ გიჟდებოდა, თევზაობის პროცესი უყვარდა. შეეძლო საათობით მდგარიყო, მჯდარიყო და ეთევზავა. გიჟდებოდა ყვარლის ტბაზე. მეც დავყავდი. იქ ბევრი წელი იარა სათევზაოდ.
საერთოდ, საქართველოში მოგზაურობა უყვარდა. სამშობლო უყვარდა და სხვაგან ვერსად ჩერდებოდა. სამ კვირაზე მეტ ხანს, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვძლებო, ამბობდა. უცხოეთში ვიყავი და როდის დავბრუნდებოდი. მეც ერთი სული მქონდა. 19 რიცხვში გონიოში მინდოდა ჩამოვსულიყავი. ეს სახლი ამ დღეს დაკეტილი რომ არ ყოფილიყო და მიხარია, რომ ჩამოვასწარი...
ჩემი ძმა კანადაშია. ჩემი შვილი და ძმისშვილი ავლენ დღეს საფლავზე. სხვა რა შეგვიძლია? ადამიანი მიდის და მორჩა... დედა, ბუბა და მამაჩემი რომ წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან, სულ სხვანაირი გახდა ცხოვრება თავისი დამოკიდებულებებით. დაუსრულებლად ვურთიერთობ მათთან. ამაში ვიჭერ ჩემს თავს.
ვგრძნობ, რომ ბუბა ძალიან დიდი დანაკლისია საზოგადოებისთვის. საქართველოს გაეცალა ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც ამ ქვეყნის სახელს ქმნიდნენ. მათი არსებობა და მოღვაწეობა ძალიან ბევრს ნიშნავდა. ბევრი აღარ არის...
გეტყვით სიახლეს - ბუბას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ვაყალიბებთ. თვითონ მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი სახელობის ფონდით მისი საყვარელი საქმე გაგრძელებულიყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
"იშვიათად იღიმებოდა, ტრაგიკული პიროვნება იყო...“ - ფრუნზიკ მკრტჩიანი 94 წლის გახდებოდა