1732386875
ცოლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ კაცმა შვილებს დაურეკა - რა გახდა შემზარავი ტრაგედიის მიზეზი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მეზობლების თქმით, კაცი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა.
„იშვიათად ვხვდებოდით. წყნარი ოჯახი იყო. გორშიც აქვთ სახლი. ხან იქ მიდიოდნენ. კონფლიქტის ხმა არასდროს გაგვიგია“,- ამბობენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით გაიგონეს გასროლის ხმა. ადგილზე მისულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ.
ფაქტის შესახებ დაღუპულების შვილებს შეატყობინეს, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს. ახლობლები ერთადერთ ვერსიას განიხილავენ.
მომხდარის სავარაუდო მიზეზზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, თუმცა როგორც პეტრიაშვილის ერთ-ერთი ნათესავი ამბობს, ყოფილ პოლიციელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და ამიტომ, ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობა და თვითმკვლელობა სწორად მძიმე ემოციური ფონის გავლენით შეიძლებოდა ჩაედინა.
ასევე, ახლობლები ჰყვებიან, რომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ პეტრიაშვილმა შვილებს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო, შვილებმა კი პოლიციას მიმართეს. ვიდრე ადგილზე სამართალდამცველები მივიდოდნენ, ხვთისო პეტრიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია. ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.