ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
საფრანგეთის ქალაქ მარსელში მოკლული 25 წლის ქართველი ახალგაზრდის მკვლელი დააკავეს, მან ჩადენილი მკვლელობა აღიარა. დანაშაულის დეტალებზე საქმის პროკურორმა ისაუბრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პროკურორის თქმით, მკვლელობის სცენარი ასეთი იყო: ნაშუადღევს ახალგაზრდა ქალისთვის მობილური ტელეფონის მოპარვას ცდილობდნენ. იგი სახლში დაბრუნდა, საათ-ნახევრის შემდეგ კი შემთხვევით ისევ წააწყდა სავარაუდო ქურდებს იმავე ადგილას, მეტროს ესკალატორის ძირში. გოგონას ამჯერად მისი მეუღლე ახლდა.
ახალგაზრდა ქართველმა ინგლისურად მიმართა ორ აგრესორს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ამ დროს ერთ-ერთმა წინდაში დამალული დანა ამოიღო მჭრელი პირით და ქართველ ახალგაზრდას შიგ გულში დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გამოძიება სწრაფად – 5 დღეში დაასრულეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის მამაკაცი ოთხშაბათ საღამოს, 12 იანვარს, საკუთარ სახლში დააკავეს.
როგორც აღმოჩნდა, დაკავებული ადრე ქურდობისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო ნასამართლევი და მისჯილი ჰქონდა 4-თვიანი პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 200 ევროს ოდენობით.
ტრაგედია 7 იანვარს მოხდა. ალექსი გოგუა ჩხოროწყუდან იყო, იგი საფრანგეთში ახალშერთულ მეუღლესთან ერთად წავიდა რამდენიმე თვის წინ.
გარდაცვლილ ახალგაზრდას სამშობლოში უახლოეს პერიოდში ჩამოასვენებენ, რაზეც საქართველოს საგარეო უწყება და საკონსულო მუშაობენ. მისი გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად საქართველოს სახელმწიფო დაფარავს.