„საკონტროლო გასროლა განახორციელა...“ - „კანონიერ ქურდს“ არმან ჯანინიანს, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, შეკვეთილ მკვლელობაში ედება ბრალი

ფოტო

რუსეთში, ვორონეჟის საოლქო სასამართლოში, 49 წლის „კანონიერი ქურდის“, არმან ჯანინიანის, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.

მას „კრიმინალურ იერარქიაში“ უმაღლესი მდგომარეობის დაკავებასა და 2023 წელს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.

როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, გამოძიების ვერსიით, ჯანინიანმა „კრიმინალური დაჯგუფებების“ ე.წ. საერთო სალაროს განმკარგველის მკვლელობა შეუკვეთა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა მსხვერპლს გაქცევის მცდელობისას ზურგში ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადებასა და ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით სამივემ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა.

არმან ჯანინიანი კრიმინალურ წრეებში 1990-იანი წლებიდანაა ცნობილი. ის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს კი ყაჩაღობის, გამოძალვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მედიის ცნობით, ჯანინიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენის გამოტანა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

ფოტოზე: აილაზ ალოიანი (გუდრონი) და არმან ჯანინიანი (კალუჟსკი)
✕