დღეს ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1793741695
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში წითელას გავრცელებას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შტატში დაავადებით გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევაა.
ბავშვი ლუისის ოლქში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ორშაბათს, 2 ნოემბერს, ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა და ადგილობრივმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა განაცხადეს. გარდაცვლილის ვინაობა, ასაკი და სქესი ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„როგორც დედა და ბებია, წარმოდგენაც არ შემიძლია, რას განიცდის ეს ოჯახი. გულით ვუსამძიმრებ მათ“, — განაცხადა გუბერნატორმა.
ჰოჩულის თქმით, წითელა განსაკუთრებით გადამდები დაავადებაა, ვაქცინაცია კი მისგან დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. მან მომხდარს პრევენციული აცრების მნიშვნელობის კიდევ ერთი მძიმე შეხსენება უწოდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2026 წელს ქვეყანაში წითელას ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, დაავადების 178 შემთხვევა იყო აღრიცხული.
წითელას გავრცელების ფონზე, ოქტომბრის დასაწყისში გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალის წრეს აფართოებს, რომელსაც ვაქცინაციის ჩატარება შეუძლია, ასევე ექთნებს დაავადების გამოსავლენად ტესტირების დანიშვნის უფლებას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსული დაავადებაა. ის შესაძლოა მძიმე გართულებებით, მათ შორის პნევმონიითა და ტვინის ანთებით, დასრულდეს. დაავადებისგან დაცვის ყველაზე ეფექტიან საშუალებად MMR ვაქცინის ორი დოზა მიიჩნევა.