როსტოვში, მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი შვილის თვალწინ გაიტაცეს, მოკლეს და დაანაწევრეს - კონფლიქტი საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო

როსტოვი

როსტოვის ოლქში სამი ბავშვი მშობლების გარეშე დარჩა. მედიის ცნობით, ცოლ-ქმარი ანდრეი და რუსლანა საცხოვრებელი კომპლექსის ავტოსადგომიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი მათი ცხედრები დანით მიყენებული ჭრილობებით აღმოაჩინეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

რუსული მედიის, SHOT-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს, საღამოს, როსტოვში, საცხოვრებელ კომპლექს „ეკატერინინსკის“ მახლობლად მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ანდრეისა და რუსლანას 26 წლის მამაკაცთან კონფლიქტი მანქანის სადგომი ადგილის გამო მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელმა ცოლ-ქმარი სცემა, შემდეგ კი ძალით ჩასვა მათივე ავტომობილში — „ლადა ვესტაში“ — და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა. გატაცება ერთ-ერთი ბავშვის თვალწინ მოხდა.

SHOT-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოგვიანებით ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. მათ სხეულებზე მრავლობითი დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოცემის ცნობით, მკვლელობის შემდეგ ცხედრები დაანაწევრეს და როსტოვის ოლქის აქსაის რაიონში გადაიტანეს.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის კვალს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენებების დახმარებით მიაგნეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის რეგიონული საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებს გადასცეს.

SHOT-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები ორი ადამიანის მკვლელობისა და ადამიანების გატაცების მუხლებით აღიძრა.

გამოძიება გრძელდება. დაკავებულის ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

✕