რას ამბობენ თვითმხილველები ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე

დაჭრა საბურთალოზე

თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოზე, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაჭრილი კაცი ბიზნესმენი ალექსანდრე გამჯაშვილია.

თვითმხილველების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, გამჯაშვილს თავს 2 პირი დაესხა, დაჭრის შემდეგ კი ტერიტორია სირბილით დატოვეს. ბიზნესმენს 5 ტყვია ფეხის არეში ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

დაჭრილის მდგომარეობის შესახებ ექიმები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა გულისხმობს.