„მწვანილის მეფის“ მკვლელობით დაწყებული სისხლიანი დაპირისპირების ქრონიკა ორ კლანს შორის

nadir da namik salifovebi

ფოტოზე – ძმები ნადირ და ნამიკ სალიფოვები

2020 წლის, 20 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი მოკლეს.

თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს. ვიდეოც ადასტურებს, რომ მკვლელობა ხაგან ზეინალოვმა ჩაიდინა. ის კრიმინალურ წრეებში „ბაკინსკის“ მეტსახელით არის ცნობილი და „გულის“ გარემოცვად მიიჩნევდნენ, თუმცა ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ „ბაკინსკი“ სალიფოვთან დაპირისპირებული კლანის მიერ იყო ჩანერგილი.

ყველაფერი კი მწვანილის ბიზნესით დაიწყო, რომელიც ორ გავლენიან აზერბაიჯანულ კლანს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა, ამ დაპირისპირების კვალი კი თბილისამდეც მოდის და თუ რატომ, ამისთვის რამდენიმე დადასტურებულ ფაქტს შეგახსენებთ.

2019 წელს მინსკში ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი” რაშად ისმაილოვი დააკავეს. გარდა იმისა, რომ ის გავლენიანი „კანონიერი ქურდის”, ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდა, ბელორუსელი სამართალდამცველების ცნობით, ისმაილოვი „მყარად აკონტროლებს ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის ბიზნესს თურქეთიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზრებზე”.

მანამდე კი ამ ბაზარს რაშად ისმაილოვის და ნადირ სალიფოვის ახლო მეგობარი, კრიმინალური „ავტორიტეტი” ჯამბულატ შამილ ოღლი აკონტროლებდა, რომელსაც ქურდულ სამყაროში „მწვანილის მეფის” მეტსახელით იცნობდნენ.

2016 წელს შამილ ოღლი მოსკოვში მოკლეს, მიზეზად კი სწორედ მწვანილის ბაზარზე გავლენების გადანაწილება დასახელდა. მკვლელობის უკან ასევე ცნობილ აზერბაიჯანელ „კანონიერ ქურდს” როვშან ჯანიევს მოიაზრებდნენ… სწორედ აქედან იღებს სათავეს სალიფოვის და ჯანიევის აზერბაიჯანულ კლანებს შორის სისხლისმღვრელი ომი.

„მწვანილის მეფის“ მკვლელობიდან ზუსტად ორ თვეში როვშან ჯანიევი სტამბულში ჩაცხრილეს.

მაშინ გამოცემა „როსბალტი” წერდა, რომ რაშიდ ისმაილოვმა ვიწრო წრეში აღიარა ჯანიევის მკვლელობა და განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება მისი ახლო მეგობრის, ჯამბულატ შამილ ოღლის მკვლელობისთვის.

ამის შემდეგ კი აზერბაიჯანულმა კლანმა – ნადირ სალიფოვის, რაშად ისმაილოვის და ვაგიფ სულეიმანოვის შემადგენლობით კონტროლი მოიპოვა ყველა იმ ბიზნესზე, რომლის კონტროლზე აყვანას როვშან ჯანიევი ცდილობდა, მათ შორის კი უპირველესად მწვანილის ბიზნესზე, სადაც, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს.

თუმცა კრიმინალური ვენდეტა ამით არ დასრულებულა…. 2017 წლის სექტემბერში თბილისში, კერძოდ აბანოთუბანში მდებარე რესტორან „მასპინძელოსთან” “ტოიოტა ლენდ კრუიზერის”-ის მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაცხრილეს ნადირ სალიფოვის და რაშად ისმაილოვის უახლოესი გარემოცვის წევრი ელშან მამედოვი.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის რესტორანში ილჰამ გაჯიევთან (კრიმინალური „ავტორიტეტი”) ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და ავტომობილში ჩაჯდა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა. მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ქილერი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და როგორც გაირკვა ქვეყნის დატოვებაც ოპერატიულად მოახერხა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ელშან მამედოვის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – გუსეინ ისკანდეროვი და ემინ ახმედოვი სანკტ-პეტერბურგში სხვა საქმეზე დააპატიმრეს. ორივე მათგანი რუსმა სამართალდამცავებმა სანკტ-პეტერბურგის სასამართლოს შენობასთან კიდევ ერთი მკვლელობის მომზადების ფაქტზე აიყვანეს, დაკავებულების ჩხრეკისას კი ხელბორკილები, ნიღბები და ბინოკლები ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მამედოვის მკვლელობა ნადირ სალიფოვის კლანთან დაპირისპირებულმა როვშან ჯანიევის გარემოცვამ შეუკვეთა, კერძოდ დასახელდა კრიმიანლური „ავტორიტეტი” რაფიკ აივაზოვი, რომელსაც ელშან მამედოვმა საკუთარ რესტორანში ყური მოაჭრა და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ემინ ახმედოვი როვშან ჯანიევის ცოლის ახლო ნათესავია.

ნადირ სალიფოვი საკუთარი გავლენის დამყარებას ცდილობდა საქართველოშიც, თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა მისი დაჯგუფების არაერთი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, რითიც აზერბაიჯანული კლანის გავლენები საგრძნობლად შესუსტდა.

ცნობილია, რომ წარმოშობით დმანისელი ნადირ სალიფოვი, იგივე ლოტი გული აზერბაიჯანის ციხიდან 2017 წელს გათავისუფლდა და პირველი რაც გააკეთა ბაქოში ელშან მამედოვის საფლავის მონახულება იყო. ამის შემდეგ კი ის თურქეთში დასახლდა და პრეტენზია გამოაცხადა ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობაზე”.

„კანონიერი ქურდი” გახლავთ ნადირ სალიფოვის ძმა ნამიკ სალიფოვიც.

ბოლოს კი „ლოტი გულისთან” კავშირში მყოფი პირები გასულ წელს დააპატიმრეს:

“სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს” წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან” – ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული”) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა” მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში” და „ქურდული სამყაროს” მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ”, – განაცხადა კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.