კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები - რა წერია მთავარი მოწმის ჩვენებაში

კიკეთი

გამოკითხვის ოქმში, რომელიც „კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა, კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები წერია. ჩვენებას ხელს აწერს, დანაშაულის თვითმხილველი და საქმის ერთ–ერთი მთავარი მოწმე. თორნიკე აფციაური სამართალდამცველებთან დროის იმ მონაკვეთს იხსენებს, როდესაც გია გათენაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.

„გია გათენაშვილი მისული იყო გელა ნიორაძესთან ავტომობილის მარცხენა კართან, რომლის შუშა იყო ჩამოწეული, რომელზეც გია გათენაშვილი ორივე ხელით ჩამოყრდნობილი იყო და მშვიდად ესაუბრებოდა, ავტომობილის სალონში მყოფ გელა ნიორაძეს. რაზე საუბრობდნენ არ გამიგია. როდესაც ქუჩაში მყოფ ქალებს შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, მეც წავედი ჭიშკრისკენ, ვინაიდან მინდოდა ქუჩაში გასვლა, რათა სიტყვიერი დაპირისპირება შემეჩერებინა.როდესაც გავდიოდი, დავინახე "ტოიოტას" მოდელის ავტომანქანის საჭესთან მჯდომ გელა ნიორაძეს ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რომელიც ედო მუხლებზე, აღნიშნულ დროს მე მოულოდნელად გავიგონე მიყოლებით გასროლის ხმები. დავინახე ავტომობილის მარცხენა კარიდან ცვიოდა ნაპერწკლები, ხოლო მარცხენა მხარეს მიყუდებული გია გათენაშვილი ჩაიკეცა და ზურგის ნაწილით დაეცა. შევამჩნიე რომ მას მუცლისა და მარჯვენა ფეხის არეში ჰქონდა ჭრილობები და მოსდიოდა სისხლი," - ნათქვამია ჩვენებაში.

ჩვენებიდან, ასევე, ირკვევა, რომ სწორედ თორნიკე აფციაურმა, თანმხლებ პირებთან ერთად დაჭრილი იქვე მდგომ მიკროავტობუსში ჩასვა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე თბილისი მიმართულებით წაიყვანა. მომხდარ ფაქტზე 112-ში შეტყობინებაც აფციაურის მობილური ტელეფონიდან შევიდა. სისხლიანი გარჩევის, ერთ–ერთი მთავარი მოწმისთვის გაუგებარია, რატომ ესროლა ბრალდებულმა ნიორაძემ, 51 წლის მამაკაცს.

„არ გამიგია თუ რამეს ესაუბრებოდა გია გათენაშვილი მანქანაში მჯდომ გელა ნიორაძესს, ვინაიდან ისინი საუბრობდნენ მშვიდად და მათ შორის რაიმე დაძაბულობა არ შემიმჩნევია, შესაბამისად, არ ვიცი თუ რატომ ისროლა გელა ნიორაძემ, გია გათენაშვილის მიმართულებით, როგორც ვიცი წარსულში გია გათენაშვილს და გელა ნიორაძეს რაიმე სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ," - ნათქვამია ჩვენებაში.

გელა ნიორაძეს გავრცელებული ინფორმაციით, ვალის დაბრუნებაზე დავა ჰქონდა დავით ხოჯანაშვილთან, იმ პირთან, რომლის სახლთანაც გია გათენაშვილს ესროლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა, პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ავტომობილი საიდანაც სავარაუდოდ ბრალდებულმა გაისროლა, მალევე ნახეს ჭავჭავაძის გამზირზე. მანქანას შიგნიდან გარეთ გამავალი ნატყვიარები ეტყობოდა. „კურიერის“ ინფორმაციით საჭესთან ამჯერად ნიორაძის მეუღლე იჯდა, რომელიც ინციდენტში მონაწილე, დაჭრილ ქალს უკან მიჰყვებოდა. დაზიანებული ავტომობილი პოლიციამ შეაჩერა.

სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებული წინასწარ ორთვიან პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ მხოლოდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა. ადვოკატებს კი 10000 ლარიან გირაოს შეთავაზებაზე უარი უთხრა. გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება დაასაბუთა და თქვა რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულის განმეორებით ჩადენის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები არსებობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გელა ნიორაძის ინტერესების დამცველი და დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან შესაძლო საფრთხეებს კატეგორიულად გამორიცხავს, სულხან კობაიძემ , გიორგი გელაშვილს ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებაც შესთავაზა,რათა შესაბამის სამსახურებს ბრალდებულის გადაადგილება ეკონტროლებინათ.

პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით და საქმეში არსებული მასალებით გელა ნიორაძეს ბრალი დაუმტკიცდება. უკვე ცნობილია ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებიც, გრძელდება გამოკითხვები.

ბრალდებულს სასამართლოს სხდომაზე დღეს სიტყვით არ უსარგებლია, თუმცა მისი პოზიცია დაკავების დღიდან ცნობილია. გელა ნიორაძე წარდგენილ ბრალს წინასწარ განზრახულ დანაშაულზე არ ეთანხმება.