HMPV-ი ვირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1736190464
თურქული მედია ბათუმში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ 7 დეკემბერს მოკლული ოთხი მამაკაცი, დალტონების სახელით ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ. დანაშაულს თურქული მაფიის ორ კლანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ.
იარაღის კონტრაბანდა, ნარკოკარტელი და უკანონო ფსონები - თურქული მედიის ინფორმაციით, ამ გზით დალტონების დაჯგუფება უზარმაზარ შავ ფულს აკონტროლებს. თავად დაჯგუფების ლიდერი, 40 წლის ბარიშ ბოიუნი, ცოტა ხნის წინ იტალიაში დააკავეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა იტალიელ კოლეგას პირადად მიმართა მაფიის ლიდერის თურქეთში ექსტრადირების მოთხოვნით.
ბათუმში მოკლული ოთხი მამაკაციც სწორედ ბარიშ ბოიუნის უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ. ორი ბრალდებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ისინი აჭარიდან, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდნენ.
თურქული მედია ავრცელებს მილტონების დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის ინტერვიუსაც. ახალგაზრდა მამაკაცი ანონიმურად ყვება, თუ როგორ უსწორდება ერთმანეთს ორი დაპირისპირებული დაჯგუფება. რესპონდენტი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მაფია დაჯგუფების რიგებში ითრევს მოზარდებს, რომელთაც მოგვიანებით მკვლელობების, ნარკოტიკების გადაზიდვისა და სხვა უკანონო საქმიანობისთვის იყენებს.
საქართველო ერთადერთი არ არის, სადაც ბარიშ ბოიუნის დაჯგუფების წევრები მოკლეს. ზუსტად ერთი წლის წინ, ათენში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ამავე დაჯგუფების ექვს წევრს. ექვსივე ადგილზე გარდაიცვალა. ბათუმში მომხდარი დანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს კი, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.