1732216283
ჩეხეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალად აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა ედება
ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა, ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იანვრის დასაწყისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
მათი დაკავების კადრები ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა. ცნობაში არ არის ნახსენები დაკავებულთა ვინაობა. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს აშშ-ის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, არსებული ინფორმაციით, რომელიც მის დაცვის უფროსთან, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.
პოლად ომაროვი არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერ იძებნებოდა წითელი ცირკულარით. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პოლად ომაროვი, ორ თანამზრახველთან რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად თეირანის მიერ მხარდაჭერილი არშემდგარი შეკვეთილი მკვლელობის და ფულის გათეთრებისთვის არის ბრალდებული.
„მათი მსხვერპლია ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ჟურნალისტი, ავტორი და უფლებადამცველი, რომელმაც გაასაჯაროვა ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის, მათ შორის, მთელ ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის ფაქტები“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.