„ვირუსული ინფექციების გავრცელება მცირდება“ - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

„დღეს, ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის. ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა. დეკემბერში, კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება. მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენციტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, COVID-19-წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპის და სხვა, გრიპის მაგვარი ვირუსებისგანაც. ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია. შესაბამისად, წელს, სეზონური ვირუსების ცირკულაციას, ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე.

„დღეს, ძირითადად, ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა. თუმცა, ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე სხვა დროს, სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.