მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია - კიდევ რა სიმპტომებით ხასიათდება ე.წ ჰონკონგის ვირუსი და რას ურჩევენ ექიმები მოსახლეობას

გრიპი

ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, - ეს ე.წ ჰონკონგის ტიპის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. გართულებულ შემთხვევაში ვითარდება ფილტვების ანთება და მწვავე ბრონქიტი.

ექიმები სეზონური გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბერსა და იანვარში ელოდებიან.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, საერთაშორისო მონაცემების საფუძველზე არ გამორიცხავს, რომ ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღოს.

ექიმი საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, როგორც ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებაზე.

"დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ დეკემბერი - იანვარი ქვეყანაში არის სწორედ ის პერიოდი, როცა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების რაოდენობა პიკს აღწევს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იყოს სწორედ დეკემბრის თვეში. ამიტომ, ხაზს ვუსვამ ვაქცინაციის მნიშვნელობას", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზრდილი სტატისტიკა უკვე კლინიკებზეც აისახა. მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე გავრცელებულ ადენო და რინო ვირუსებს გაუტოლდა.

,,ძირითადად ცირკულირებს სამი სახის ვირუსი, ეს არის ერეს ვირუსი, არის გრიპის ვირუსები და როტა ვირუსები. აქამდე სჭარბობდა რესპირატორული ვირუსი, უკვე დაეწია და ალბათ დეკემბრის ბოლოსთვის გაასწრებს გრიპის ვირუსი", - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი.

გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, კლინიკების ნაწილი ისევ კარანტინის რეჟიმზეა.

,,კარანტინი პრაქტიკულად არ გაგვიუქმებია. ჩვენ კლინიკის ინფექციურ განყოფილებაში მნახველებს არ ვუშვებთ. ვცდილობთ ჩვენ თვითონ მოვახდინოთ პაციენტების მოვლაც კვებაც და ყველაფერი", - ამბობს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე.

,,ნიღაბი იცავს, არა მარტო კორონავირუსული ინფექციისგან, არამედ, ნებისმიერი სხვა, აირწვეთოვანი, გადამდები რესპირატორული ვირუსებისგან. რადგანაც აღარ გვიკეთია ნიღაბი, რასაკვირველია, შემთხვევები იმატებს. ამასთან, თუ ბავშვს ან მოზრდილს, აქვს ცხელება, ის არის გადამდები პირველი ხუთი დღე მაინც. თუ ისინი წავლენ, ბაღში, სამსახურში და არ მოერიდებიან გარშემომყოფებს, რა საკვირველია, გავრცელდება ვირუსი და მისი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს", - ამბობს ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი მაია ჩხაიძე.

საქართველოში - A ტიპის - H3N2 ე.წ ჰონკონგის ვირუსია დომინანტი. გრიპის შემთხვევების გავრცელების ტენდენცია თებერვლამდე გაგრძელდება.