რას ამბობს ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“ მას შემდეგ, რაც ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ეს ვირუსი არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის.

„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

მისივე განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა და აღნიშნული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.