1732386875
„რადგან კოვიდის ახალი ვარიანტი მაღალი სიცხით მიმდინარეობს..." - რა რჩევებს იძლევა პედიატრი
რადგან კოვიდის ახალი ვარიანტი მაღალი სიცხით მიმდინარეობს, პლატფორმა "მედ სითის" პედიატრი, თაკო ანდრიაძე რეკომენდაციებს აქვეყნებს.
პედიატრი იმ მითების შესახებ საუბრობს, რომლებიც ზოგადად, ბავშვებში ვირუსის მიმდინარეობას და მათ ცუდად ყოფნას ეხება.
„მითები და ფაქტები ცხელებასთან დაკავშირებით:
მითი: მაღალი სიცხე 40-ზე მეტი თავის ტვინის დაზიანებას იწვევს.
ფაქტი: ცხელება რომელიც გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, თავის ტვინის დაზიანებას არ იწვევს. თუ ბავშვს უყურადღებოდ დავტოვებთ ისეთ გარემოში, სადაც ტემპერატურა ძალიან მაღალია და ეს სივრცე დახურულია, შეიძლება სერიოზული პრობლემა ამ შემთხვევაში გამოვიწვიოთ და არა ვირუსული ან სხვა ინფექციის დროს მაღალი სიცხის დროს.
მითი: ყველა ბავშვს, ცხელების დროს შესაძლოა განუვითარდეს გულყრა. („კრუნჩხვა“).
ფაქტი: ფებრილური გულყრა აღენიშნებათ 5 წლამდე ასაკის მხოლოდ 2-4% ბავშვებს.
მითი: ფებრილური გულყრა („კრუნჩხვა“ რომელიც ვითარდება მაღალი სიცხის დროს) ძალიან საშიშია.
ფაქტი: ფებრილური გულყრა, ძალიან არასასიამოვნო და მშობლისთვის სტრესული მდგომარეობაა, თუმცა მაქსიმუმ 5 წუთში გულყრა თვითნებურად სრულდება. ის არ იწვევს ხანგრძლივ პრობლემებს, არ ზრდის ნევროლოგიური პრობლემების, არაფებრილური გულყრის, განვითარების პრობლემების რისკს.
რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს მაღალი სიცხის დროს:
იმ შემთხვევაში, თუ ცხელება იწვევს დისკომფორტს, ბავშვთა ასაკში, შესაძლებელია იბუპროფენის ან პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების გამოყენება.
ოთახში შეეცადეთ იყოს სიგრილე, ისე, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ჩააცვით თხელი და კომფორტული ტანსაცმელი.
შესთავაზეთ დიდი რაოდენობით სითხეები, დასაშვებია ელექტროლიტის მიღებაც გაუწყლოების თავიდან აცილების მიზნით.
რა არ უნდა გავაკეთოთ:
არ გამოვიყენოთ ასპირინი სიცხის დასაწევად. არ არის სასურველი ცივი ღრუბლით აქტიური დაზელა, რადგან ასეთ დროს შეიძლება გავაძლიეროთ კუნთების აქტიური შეკუმშვა ანუ „კანკალი“ რაც თავის მხრივ სიცხეს კიდევ უფრო მოუმატებს.
არასდროს! გამოიყენოთ სპირტით ან ალკოჰოლით დასველებული საფენი გაგრილების მიზნით, ეს, ძალიან საშიშია, რადგან კანიდან ძალიან სწრაფად და დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი ამ ნივთიერებების შეწოვა რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს“,- ამბობს პედიატრი.