1787987049
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა - ცვლილებები და სამომავლო გეგმები
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად - საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზაზა ლომინაძესთან ერთად დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება, რომლის მთავარი ფუნქცია დაავადებების პრევენცია და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდებაა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული ხელმისაწვდომობას. ასევე - დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. ცვლილებები ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას, ვაქცინაციას, სკრინინგსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
რეფორმის საპილოტე ეტაპზე, პროგრამაში, პირველადი ჯანდაცვის 6 დაწესებულება ჩაერთო, შემდეგ კი - შესაბამისობის შეფასების შედეგად, 43 დაწესებულება. პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება - დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეუძლიათ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან.










