მცირეწლოვან ბავშვებში რესპირაციული ინფექცია შეიძლება, წავიდეს მძიმედ... - ინფექციონისტის გაფრთხილება

ალექსანდრე გოგინავა

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში იმატა სეზონურმა ინფექციებმა, რომლებმაც არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, რაოდენობრივად კორონავირუსსაც კი გადაუსწრო. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აფასებს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ვირუსების  მიმდინარეობის კუთხით და როგორ უნდა დაიცვას თავი მოსახლეობამ  ინფექციებისგან. 

ალექსანდრე გოგინავა: ქვეყანაში საკმაოდ ბევრი გრიპის მსგავსი ვირუსი ცირკულირებს. ძირითადად, გავრცელებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში რინოვირუსი, ასევე ადენო ვირუსი, არის A ტიპის გრიპის შემთხვევებიც.

ჩვენ ვიცით, რომ გრიპის შემთხვევების მატება ფიქსირდება შემოდგომის მეორე ნახევრიდან, ზამთრის დასაწყისიდან და სადღაც პიკს აღწევს დეკემბრის ბოლოს, იანვარში. არის მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა უფრო მეტი ორი-სამი კვირის შემდეგ გვქონდეს.

- შეიმჩნევა თუ არა ტენდენცია, რომ ქვეყანაში არსებული ინფექციები პაციენტებში მწვავედ მიმდინარეობს?

გრიპსა და გრიპის მსგავს ვირუსებს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა. მათ აქვთ მწვავე დასაწყისი და სპეციფიკური სიმპტომები, ესენია: ხველა, ყელის ტკივილი, შეიძლება, იყოს ტემპერატურული რეაქცია, სახსრების, კუნთების ტკივილი და ა.შ. თუმცა კონკრეტულად გრიპს ეს სიმპტომები უფრო მძაფრად აქვს გამოხატული, ანუ უფრო ხანგრძლივდება ხოლმე მისი სიმპტომები. შესაძლოა, მოხდეს მისი გართულება ფილტვების ანთებით ან ბრონქიტით და ა.შ.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თუ ადამიანს გაუხანგრძლივდა ტემპერატურა ან აქვს ძლიერი სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, ასეთ დროს აუცილებელია, რომ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რომ მოხდეს მისი მდგომარეობის სწორი შეფასება.

ასევე, აუცილებელია, რომ მცირეწლოვანი, წლამდე, ორ წლამდე ბავშვები იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში, თითქმის ყველა რესპირაციული ინფექცია შეიძლება, მძიმედ წავიდეს. გართულებებს რომ თავი დავანებოთ, ხანდახან გაურთულებელი რესპირაციული ინფექციაც არის რთული სამართავი.

- არის თუ არა ვირუსული ინფექციები უფრო გავრცელებული ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში?

ბავშვებში სწრაფად ვრცელდება რესპირაციული ინფექციები, რადგან ბავშვებში კომუნიკაცია უფრო ხშირია, მათ მიერ დახურულ სივრცეში თავშეყრა უფრო ხშირია. ამასთან, ბავშვები ვერ იცავენ რეკომენდაციებს, იგივე ჰიგიენური ნორმები იქნება თუ დისტანცია, ამიტომ ბავშვთა ასაკში ვირუსული ინფექციები გავრცელება უფრო მაღალია.

- ჩამოიტოვა თუ არა უკან კორონავირუსი ქვეყანაში მიმდინარე სხვა ინფექციებმა, როგორია ამ მხრივ სტატისტიკა?

როგორც სტატისტიკა ამბობს, კორონავირუსის წილი და მისი გავრცელება არის საკმაოდ დაბალი შედარებით სხვა რესპირაციულ ინფექციებთან. არის ტენდენცია, რომ კორონავირუსის შემთხვევები არ იმატებს და ძირითადად, წამყვანი რესპირაციულ ინფექციებში არის სხვა გრიპი, გრიპის მსგავსი ვირუსები და არა კორონავირუსი.

- ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ საზოგადოება გააფრთხილა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას. იზიარებთ თუ არა აღნიშნულ მოსაზრებას?

ეს არის თეორიული მსჯელობა, ეს რისკები ყოველთვის იყო და იქნება, თუმცა ახლა კონკრეტულ ვირუსზე საუბარი არ არის. საუბარია სიფხიზლეზე მსოფლიო საზოგადოების და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემების მხრიდან, რომ დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდეს. საზოგადოება უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს ვირუსულ ინფექციებს, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელის ხშირი დამუშავება, დახურული სივრცის ხშირი განიავება. ასევე, პირბადის გამოყენება განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ასევე, ვიცით, რომ არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ძალიან ეფექტურია.