მარინა ენდელაძის გაფრთხილება ყირიმ-კონგოს შემთხვევებზე - „თუ ტემპერატურის მატება დაფიქსირდა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს“

მარინა ენდელაძე

ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები იზრდება - ინფიცირების 42 და გარდაცვალების 2 შემთხვევა მხოლოდ მიმდინარე წელს. ყირიმ-კონგო ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან ვრცელდება.

დღეის მდგომარეობით, პაციენტები ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში, ძირითადად სამცხე-ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან არიან გადმოყვანილები. სპეციალისტები საგანგაშო მდგომარეობაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ წინა წლებთან შედარებით წელს გაცილებით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს გახლავთ ვირუსული ინფექცია, მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს და ხშირად სოფლის მეურნეობის მუშაკებს ემართებათ ეს, რომლებმაც შეიძლება ტკიპა მოაცელონ და გაჭყლიტონ. ასეთი შემთხვევები ხშირი გვაქვს და ამ შემთხვევაში ხდება ამ საკმაოდ მძიმე ვირუსული ინფექციის გადაცემა. თუ კი ასეთი შემთხვევა იყო და ცხელება, ტემპერატურის მატება დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს, რომ დროულად მოხდეს თუ დაინფიცირებულია ამ შემთხვევაში დიაგნოსტირება," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.