პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისტორიაში პირველად მსოფლიო საერთაშორისო დონეზე მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქების წინაშეა. როგორც გამოცემა NPR-ი წერს, ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში - დაწყებული არგენტინიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე - 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 100-200 შემთხვევა დიდ ბრიტანეთსა და პორტუგალიაშია გამოვლენილი. აშშ-სა და კანადაში კი დაავადების 21 და 58 შემთხვევაა აღმოჩენილი.
ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, პორტუგალიასა და დიდი ბრიტანეთის ზოგ კომუნაში ვირუსი შეუმჩნევლად ვრცელდება - შემთხვევების დიდი ნაწილი ერთმანეთთანაა კავშირში არაა და არც ერთსა და იმავე ადგილს ან აქტივობას უკავშირდება. შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტებმა არ იციან, სად ინფიცირდებიან პაციენტები, ბევრი შემთხვევა კი მეცნიერების ვარაუდით, შეუმჩნეველი რჩება.
ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები წარსულში დაფიქსირებული ეპიდაფეთქებებისგან განსხვავებულ, უფრო მსუბუქ სიმპტომატიკას ასახელებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის გამო, ხშირად ექიმებს, რომლებიც მაიმუნის ყვავილის, განსაკუთრებით კი მისგან გამოწვეული გამონაყარის სიმპტომებს ეძებენ, შემთხვევები შეუმჩნეველი რჩებათ.
მაკგილის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დოქტორი დონალდ ვინჰი აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილზე ბევრ ადამიანს წარმოდგენა ფოტოებით ექმნება, სადაც აღბეჭდილი არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი სხეული სითხით სავსე გამონაყარით აქვთ დაფარული, ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქების დროს კი პაციენტებს უფრო მცირე ოდენობის და ნაკლებად მწვავე გამონაყარი უჩნდებათ.
ექიმის თქმით, პაციენტების დიდ ნაწილს ერთი ან ორი მცირე ზომის კვანძი უჩნდება, რომელიც მარტივად შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისთვის დამახასიათებელ გამონაყარში შეეშალოთ, როგორიცაა ჰერპესი და სიფილისი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთ დროსაც მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პირები გადამდებები არიან.
ექიმი ვინჰის თქმით, კლასიკური გაგებით, მაიმუნის ყვავილს ორფაზიანი მიმდინარეობით ახასიათებენ, რომელიც თავდაპირველად გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვლინდება, დაახლოებით 1 კვირაში კი სახეზე გამონაყარი ჩნდება, რომელიც შესაძლოა მთელ სხეულზე გავრცელდეს.
„თუმცა ამ ეპიდაფეთქების დროს ბევრი პაციენტის სიმპტომები ამ პროფილს არ ემთხვევა. ხშირად, გამონაყარი პაციენტებს საერთოდ არ აქვთ სახეზე. ამის ნაცვლად, გამონაყარი გენიტალიებსა და ანუსის არეში იწყება და შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებზე სულად არ გავრცელდეს. ზოგ ადამიანს კი სულ ერთი ან ორი გამონაყარი აქვს“ – აცხადებს სპეციალისტი.
ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, შესაძლოა პაციენტს არც გრიპისმაგვარი სიმპტომატიკა გამოუვლინდეს. ან სულაც, აღნიშნული სიმპტომები მხოლოდ გამონაყარის გამოჩენის შემდეგ გამოვლინდეს. შესაბამისად, ექიმები აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილის ატიპური შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
რაც შეეხება დაავადების გადადებას, მაიმუნის ყვავილი, ძირითადად, ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტით ვრცელდება, მათ შორის კანზე კონტაქტით.