რა არის „მაიმუნის ყვავილი“ და როგორ ვრცელდება ეს ვირუსი

Monkeypox

„მაიმუნის ყვავილს“ იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი — იმავე ოჯახის წარმომადგენელი, რომლისაც არის ყვავილი. თუმცა, ის გაცილებით ნაკლებად მწვავეა და ექსპერტთა განცხადებით, ინფექციის შანსებიც დაბალია.

ძირითადად ცირკულირებს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიყრუებულ ნაწილებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს.

არსებობს ვირუსის ორი ძირითადი შტამი — დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურაფრიკული.

2021 წელს აშშ-ში ამ ვირუსის ორი შემთხვევა აღირიცხა, ორივე ადამიანი ნიგერიიდან იყო ჩასული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მსოფლიოში აფრიკის მიღმა დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო მოგზაურობასთან ან ამ ვირუსით ინფიცირებულ იმპორტირებულ ცხოველებთან.

ესპანეთში ამჟამად ყვავილის ვირუსის შვიდი დადასტურებული შემთხვევაა, 22 შემთხვევას კი ახლა იკვლევენ; პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაშიც; კანადის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მონრეალში მაიმუნის ყვავილის 17 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ბრიტანეთში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ორი ნიგერიიდან არის ჩასული, ერთი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, რომელსაც ვირუსი პაციენტისგან გადაედო.

სიმპტომები


საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.

შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე.

გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.

ინფექცია ძირითადად თავისით გაივლის და 14-დან 21 დღემდე გრძელდება.

„მკურნალობა ძირითადად მხარდაჭერითია, რადგან არ არსებობს კონკრეტული წამალი. თუმცა, არის ვაქცინა, რომელიც დაავადების განვითარების პრევენციას ახდენს“, - ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესორი ჯიმი ვითვორთი.

როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილი“


მაიმუნის ყვავილი ვრცელდება ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის გზით. ვირუსი სხეულში შეიძლება შევიდეს დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან ან პირიდან.

სქესობრივი გზით გადადების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის, მაგრამ ამ დროს ის შეიძლება გავრცელდეს ორ ადამიანს შორის პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.

ვირუსი ასევე ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველებთან, მაგალითად, მაიმუნებთან, ვირთხებთან და ციყვებთან კონტაქტის გზით, ისევე, როგორც ვირუსით დაბინძურებულ ობიექტებთან, მათ შორის საწოლთან ან ტანსაცმელთან კონტაქტის გზით.

რამდენად სახიფათოა 


ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, ხშირად ჩუტყვავილას ჰგავს და რამდენიმე კვირაში თავისით ქრება.

მაიმუნის ყვავილი ზოგჯერ შეიძლება გამწვავდეს; დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირებულია სიკვდილის შემთხვევებიც.