კიბოს პრევენციის მეთოდები და კიბოს სკრინინგის სარგებელი 

ძუძუს კიბოს პრევენცია

ძუძუს კიბო არის დაავადება, რომელიც ქალების ყველაზე საშიშ მტრად მიიჩნევა და დღემდე, სამწუხაროდ, შეუძლებელია მისგან თავის გარანტირებულად დაცვა, თუმცა, სკირნინგმა ადრეულ ეტაპზე დაავადების გამოვლენის და შემდეგ ეფექტურად მკურნალობამ უამრავი ქალი სიკვდილისგან იხსნა. საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ, 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალს შეუძლია უფასო სკრინინგით ისარგებლოს და ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზით დაამარცხოს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით,  საქართველოში, ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს, დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა ვლინდება.

სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ აღნიშნულ მაჩვენებელს, ამიტომაც სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არამხოლოდ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის  კიბოს პრევენციას ეწევა, სამივე მიმართულების სკრინინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით აფინანსებს.

მიუხედავად ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაიტარა 7,6%-მა, სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 7,3%-მა, მსხვილი ნაწლავის სკრინინგი მხოლოდ 1,1%-მა.

აღნიშნული სტატისტიკა იმდენად არასახარბიელოა, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული ცენტრი „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ და ონკო პაციენტების ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯიასთან“ ერთად კიბოს სკრინინგში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას სპეციალური საკომუნიკაციო პროგრამით ცდილობს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონალური მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, კიბოს სკრინინგის პროგრამის კოორდინატორის ლია მგალობლიშვილის თქმით, „ ძუძუს კიბოს სკრინინგის მიზანი არამხოლოდ კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შეზღუდვაა, არამედ იმ დაავადებების გამოვლენაც არის, რომლებიც შეიძლება გართულდეს და ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს. ძუძუს კიბოს სკრინინგი კომპონენტია პროგრამის, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას. პროგრამა უზრუნველყოფს : მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას, და ექოსკოპიურ გამოკვლევას. ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.  დასანანია, რომ მომართვიანობა დაბალია. განსაკუთრებით რეგიონებში. ზოგადად, ჩვენთან ექიმთან მაშინ მიდიან, როდესაც დაავადება შეაწუხებთ და არ ფიქრობენ, რომ ასე, შესაძლოა, თავს საბედისწეროდ ავნონ. ვფიქრობთ, ეს არაინფორმირებულობის შედეგია. უნდა გაიზარდოს ოჯახის ექიმების ჩართულობა. მათ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი აქვთ და უკეთ გამოუვათ, აუხსნან სკრინინგის მნიშვნელობა.“ 

ირაკლი სიხარულიძე, ქირურგი-მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი  აღნიშნავს, რომ 40-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს რისკები განსაკუთრებით დიდია, ამიტომაც სახელმწიფო 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს შემთხვევით არ სთავაზობს უფასო კვლევებს.  
ირაკლი სიხარულიძე - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ქალბატონი ვერ ათვითცნობიერებს სკრინინგის სიკეთეს.  საერთოდ არ დადის გამოკვლევაზე, ან ელოდება რაიმე ხელით იპოვნოს და სკრინინგს მერე მიმართავს. ეს არასწორი მიდგომაა. სკრინინგზე უნდა იაროს, ვისაც ჩივილები, სიმპტომები არ აქვს, ვინც დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელია. წელიწადში ერთხელ ჩვეულებად ქცეული გამოკვლევა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დროულად დავაფიქსიროთ საგანგაშო სიგნალი. ამ პროცესში ხომ ფულის დახარჯვა არ გჭირდება? უბრალოდ, უნდა მიხვიდე და მცირეოდენი დრო დაუთმო შენი ჯანმრთელობის სტატუსის დადგენას. სამწუხაროა, რომ  პროგრამას, როგორც უზარმაზარ სიკეთეს მოქალაქეების დაბალი მომართვიანობის გამო სრულყოფილად არ ვიყენებთ.

ჩვენი მიზანია სამედიცინო კვლევის, მათ შორის კიბოს, ან საკუთრივ ძუძუს კიბოს სკრინინგის კულტურა ჩამოვაყალიბოთ. პროგრამის მიდერნიზება გვჭირდება, იქით უნდა მიაკითხო, დაურეკო, გამოიძახო, უთხრა, რომ უწევს გამოკვლევა. ამას დადებითად აღიქვამს მოსახლეობა. ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს. ზოგმა არც კი იცის სკრინინგი რა არის, მაგრამ რომ ურეკავენ, მიდის.  


_ რა რისკ-ფაქტორები იწვევს ძუძუს კიბოს? _ საფრთხე მატულობს, რაც უფრო დიდი ხანია  ქალი ჰორმონალურად აქტიური, ანუ რაც უფრო ადრეულ ასაკში ეწყება მესნტრუალური ციკლი და გვიანობამდე უგრძელდება. ნაკლებად, მაგრამ ასევე მოქმედებს გენეტიკური  ფაქტორი. აბორტების დიდი რაოდენობა. ლაქტაცის არქონა. მშობიარობის არქონა. ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია სტრესი, რომლისგანაც თანამედროვე ადამიანი განებივრებულია. ამიტომაც რახან  საშუალება გვაქვს, რეგულარული კონტროლი ჩავიტაროთ, სკრინინგზე უარი არ უნდა ვთქვათ.  ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობისას. ხშირად მეგობარი მეგობარს თხოვს, რომ სკრინინგზე გაყვეს. უცებ აღმოჩნდება, რომ ის, ვინც თავისი სურვილით მივიდა, ჯანმრთელია და ალალბედზე მიყოლილს პატარა კვანძი ესინჯება, ისე, რომ მისი არსებობა არც იცოდა, თავს ჯანმრთელად თვლიდა. მამმოგრაფიით პატარა კვანძის დროულად დაფიქსირება, მისი წარმატებით განკურნების შესაძლებლობას იძლევა. სარძევე ჯირკვლის და ზოგადად სიმსივნე  ვერაგია, ადრეულ სტადიაზე ადამიანს არ აწუხებს და ისიც მშვიდად არის, ჰგონია, რომ ჯანმრთელია. ჩივილები გვიან ფიქსირდება და უკვე მკურნალობა ძალიან რთულია. ამიტომაც სკრინინგის არსი იმაშია, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზე დავიჭიროთ. სანამ ადამიანს ჩივილი არ აქვს, კვანძს ვერ გრძნობს, რომ მკრუნალობას კარგი შედეგები ჰქონდეს. ზოგი უკუღმა იქცევა, იპოვნის კვანძს და მერე მიდის სკრინინგზე.სკრინინგის მიზანია მესამე სტადიამდე დაფიქსირდეს პრობლემა, რადგან გამოჯანმრთელება სწორედ პირველ და მეორე სტადიაზე შეიძლება. ნუ დაკარგავთ დროს და მოგვეცით საშუალება მანამდე დავიჭიროთ თქვენი დაავადება, ვიდრე საკუთარი ხელით იგრძნობთ მის არსებობას.