ინტერნეტ დამოკიდებულების პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებში

ინტერნეტდამოკიდებულება

ფსიქოლოგ სოფო მოსიას ბლოგი

ინტერნეტი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების და ზოგადად ცივილიზაციის ნაწილია და მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ინტერნეტის მეშვეობით ადამიანებს მთელ მსოფლიოში აქვთ საშუალება მიიღონ, გასცენ და გაავრცელონ ინფორმაცია, რაც მათი სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო ეყრდნობიან ინტერნეტს, როგორც კომუნიკაციის, სასწავლო და საძიებო საშუალებას, თუმცა ამავდროულად ისინი უფრო იკეტებიან საკუთარ სამყაროში, ხდებიან ინტროვერტები და უწევთ დისტანციური კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. ამ ყველაფერმა გააფართოვა ადიქციური ქცევის სპექტრი. ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ტელეფონები, სმარტფონები, ტაბლეტები და ელექტრონული თამაშები, ონლაინ ლექციები და ტრენინგები, აზარტული თამაშები და ონლაინ მაღაზიები − ყველა მათგანი ყოველ ჯერზე ართმევს მომხმარებელს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე დროს დღეში. ძნელია ელექტრონული ადიქციის განსაზღვრა და პასუხის გაცემა კითხვაზე - მაინც, რამდენია ბევრი? კვლევები აჩვენებს, რომ ინტერნეტის გაფართოებასთან ერთად იზრდება კომპულსურ მომხმარებელთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში.

დღეისათვის ინტერნეტდამოკიდებულება განიხილება იმპულსის კონტროლის დარღვევად, რომელიც ძალიან ჰგავს პათოლოგიურ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას და  ხასიათდება განმეორებადი მოქმედებებით,  არ აქვს ნათლად გამოხატული რაციონალური მოტივაცია, არ ექვემდებარებიან კონტროლს და ზიანის მომტანია თვითონ პიროვნებისთვის და მისი გარემოცვისთვის. მეცნიერთა ნაწილი მას მიიჩნევს ერთგვარ სიმპტომად, რომელიც საფუძვლად უდევს სხვა ფსიქიკურ აშლილობას.

გარდა დამოკიდებულების და მიჯაჭვულობის განვითარებისა, უნდა გვახსოვდეს, ის ძალადობის სცენები, პორნოგრაფია, თვითონ აზარტული თამაშები, ონლაინ-ქსელური თამაშები, ცრუ ინფორმაცია, ფორუმები, ჩათები,  რომელზეც დღეს  არასრულწლოვნებსაც მიუწვდებათ ხელი. ეს სერიოზული რისკფაქტორებია ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე ოჯახისთვის და თანატოლებისთვის ფიზიკური და  მატერიალური პრობლემის წარმოქმნისთვის. ბოლო პერიოდის ასევე აქტუალური პრობლემა, რაც მოზარდებში გვხდება, არის  ე.წ. კიბერბულინგი – მიზანმიმართული დევნა ინტერნეტში ერთი ან რამდენიმე შეთანხმებული პირის მიერ, მსხვერპლის დამცირების, ცილისწამების, შანტაჟის, დაშინების მიზნით, ეს კი ხშირად ხდება ხოლმე მოზარდების სუიციდის მიზეზი.

აქვე მნიშვნელოვანი სტატისტიკა:  ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდები ყოველ წელს 1,500 საათს ატარებენ ტელევიზორის ყურებაში (სკოლაში კი − 900 საათს) და ნახულობენ 20,000 რეკლამას. 18 წლის ასაკში მათ ნანახი აქვთ 200,000 ძალადობის სცენა და 8,000 მკვლელობა და ასევე, უამრავი ძალადობრივი და დემაგოგიური შინაარსის სცენა, რისი ტირაჟირებაც სოციალური ქსელებიდან თუ ტელევიზიიდან ხდება. ამ დროს ტვინს უვითარდება შემგუებლობა (ტოლერანტობა) ამ გამოსახულებების მიმართ და ახერხებს, ყურადღება არ მიაქციოს ემოციურ დატვირთვას, ისევე, როგორც წამალდამოკიდებულები უგულებელყოფენ საკუთარ გარემოს. ეს კი ერთის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვები ასევე სწავლობენ  აგრესიული, ძალადობრივი გზებით მიზნის მიღწევას, ან მეორეს მხრივ, ხდებიან სრულიად ინდიფერენტულები  და ხშირ შემთხვევაში შემწყნარებლები გარემო დესტრუქციული მოვლენების მიმართ, დამოკიდებულების თანდათანობით განვითარებასთან ერთად კი აბსოლუტურად ამოტივაციურები და კონფორმულები.

კვლევების მიხედვით, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ინტერნეტით. მსოფლიო მასშტაბით ამ ასაკობრივი ჯგუფის 71 % სარგებლობს ინტერნეტით მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს მონაცემი 48%-ს შეადგენს. ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედს შეადგენენ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით 15-17 წლის მოზარდთა 80% აღიარებს, რომ ინტერნეტში სექსუალური ძალადობის სცენები არაერთხელ უნახავთ. 8-16 წლის ბავშვების 90% პორნოგრაფიულ ფილმებს იმ დროს უყურებდა, როცა სასკოლო დავალებებისთვის დამატებით ინფორმაციას ეძებდა. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებმა შვილები აუცილებლად აკონტროლონ და ასწავლონ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი უსაფრთხოდ. ფსიქოლოგების რჩევით, 3 წლამდე ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი ინტერნეტის გამოყენება, არც მულტფილმების ყურება. 3 წლიდან კი ინტერნეტის გამოყენებას შემეცნებითი სახე უნდა ჰქონდეს. მშობელი ბავშვთან ერთად უნდა იყოს და მუდმივად იყოს მასთან კომუნიკაციაში აღნიშნულ სიუჟეტტან დაკავშირებით.

როგორ ამოვიცნოთ ინტერნეტდამოკიდებულება მოზარდში?

ექსპერტთა მიხედვით, ინტერნეტდამოკიდებულების სიმპტომები მოიცავს:

1. ინტერნეტში ყოფნა საათობით შინ, სამსახურში ან სასწავლებელში (40 საათი კვირაში, დამოკიდებულების არმქონეთათვის − მხოლოდ რვა საათი)

2. მუდმივად ინტერნეტზე ფიქრი

3. გაღიზიანება და შეშფოთების შეგრძნება, როდესაც გასულია ინტერნეტის სივრციდან

4. თანდათანობით, ონლაინ ყოფნა უფრო მეტი დროით სჭირდება, რომ მიიღოს ისეთივე კმაყოფილება

5. დროის კონტროლის კარგვა ინტერნეტში შესვლიდან (საათები ისე გადის, როგორც წუთები) პასუხისმგებლობების უგულებელყოფა

6. მეგობრებთა, ოჯახთან, ურთიერთობის გაუარესება მეტი და მეტი გზავნილების გამოქვეყნება და სულ უფრო მეტი მონაცემების ჩამოტვირთვა, ჭამა მონიტორის წინ

7. ელ-ფოსტის, ტექსტური შეტყობინებების ან სოციალური ქსელის საიტების განუწყვეტლივ შემოწმება.

ინტერნეტდამოკიდებულება იწვევს მოზარდის ემოციურ და ქცევით ცვლილებებს, ოჯახური და სოციალური ურთიერთობის ცვლილებებს, ინტერესების და მთლიანად ადამიანის ცხოვრების/დღის და ღამის რეჟიმის ცვლილებებს. აგრეთვე პრობლემებს აკადემიურ, ფინანსურ სფეროებსა და სხვა სახის საქმიანობაში, აქრობს რეალურ ურთიერთობებს. დამოკიდებული ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტ სივრცეში და ნაკლებად ურთიერთობენ ახლობლებთან, ისინი ერთგვარ იზოლაციაში არიან. შემდეგ მოდის დეპრესია, დანაშაულის გრძნობა,  შფოთვა, შიში, მარტოობა, ხასიათის ცვლილებები, აგრესია და მუდმივი გაღიზიანება. ასევე  ყურადსაღებია ფიზიკური და სამედიცინო პრობლემები. პირველ რიგში, ინტერნეტ დამოკიდებულებით ზიანდება ბავშვების მხედველობა, უმოძრაობის შედეგია ხერხემალის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, სიმსუქნე, ნერვიული სისტემის დაზიანება, ძილის დარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობისთვის ინტერნეტით სარგებლობა დადებითი გამოცდილებაა, ბევრი მშობელი და მასწავლებელი ღელავს იმაზე, რომ ეკრანთან გატარებული ზედმეტი დრო ბავშვებს დეპრესიისკენ უბიძგებს, უყალიბებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას და სიმსუქნის პრობლემის ზრდასაც კი უწყობს ხელს. ამასთან, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ მშობელი ან ვერ ამჩნევს,  ან არ აქვს შესაბამისი ცოდნა რომ დროულად განსაზღვროს რისკები და მოახდინოს სათანადო ინტერვენცია, ან სულაც ხშირად დროის დეფიციტის გამო თავად განაპირობებს მოზარდის მიჯაჭვულობას გაჯეტებზე, ან კიდევ პირიქით, გადაჭარბებულად საშიშად აღიქვამს ბავშვის ქცევას და უყენებს რადიკალურ მოთხოვნებს. ნებისმიერი ეს პოზიცია მცდარია და საჭიროებს ცვლილებას, შესაძლებელია სპეციალისტის დახმარებასაც კი.

ექსპერტების რეკომენდაციით (ბავშვები ციფრულ სამყაროში, 2017), სასურველია, ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დროის შეფასებაში „ოქროს შუალედის პრინციპი“ გამოვიყენოთ - არც ძალიან ბევრი, არც ძალიან ცოტა - და, რაც მთავარია, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, თუ რას უყურებენ და აკეთებენ ბავშვები ონლაინ და არა იმაზე, თუ რამდენ დროს ატარებენ ისინი ინტერნეტში. ეს მიდგომა ბავშვების დასაცავად უფრო ეფექტურიც იქნება და თან საშუალებას მისცემს მათ, ინტერნეტში გატარებული დრო უკეთ გამოიყენონ.

ზოგადად ინტერნეტით სარგებლობის  და თავად ინტერნეტდამოკიდებულების მასშტაბებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება არაა მხოლოდ სპეციალისტების, ფსიქოლოგების ან ფსიქიატრების საქმე. პრობლემა კომპლექსურია და საჭიროებს მთლიანი საზოგადოების ჩართულობას დაწყებული მშობლებიდან დამთავრებული საკანონმდებლო რეგულაციებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც უნდა არსებობდეს, ესაა სკოლებიდან დაწყებული საყოველთაო ეფექტური პრევენციული პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვის განვითარებას, სწორი ინტერესებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას...  თუმცა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი გარემოებაც არ უნდა არსებობდეს, რისი შეცვლაც ინდივიდუალურ დონეზე არ ხელგვეწიფება, ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, გავზარდოთ ჩვენი წიგნიერების დონე სხვადასხვა მიმართულებით, ვიყოთ უფრო ჩართულები ჩვენი შვილების ცხოვრებაში ისე, როგორც მათ სჭირდებათ, ხელი შევუწყოთ ჩვენი შვილების მენტალურ ჯანმრთლობას უფრო ძლიერად და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მივმართოთ სპეციალისტს.