გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრს მრჩევლებს უწუნებს და კომუნისტებსა და პენსიონერებს მავნე პარაზიტებს ადარებს

გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს რამდენიმე პროფესიულ რჩევას აძლევს.

„არ ცოდნა არ ცოდვაა. ვხედავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და არის მენეჯერი/პოლიტიკოსი. კი ბატონო, მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროფესიონალი მრჩევლები აიყვანეთ მაინც.

ბატონ მინისტრს ვურჩევდი (ვინაიდან ადეკვატური მრჩევლები აშკარად არ ჰყავს), რომ კომუნისტური მეთოდებით დღეს ჯანდაცვის სისტემა არ იმართება: კომუნისტები და პენსიონერები გაუშვით პენსიაზე. ისინი მავნე პარაზიტებივით არიან. რამე საპატიო „საბჭოში“ შეიყვანეთ და ყველანი დავისვენებთ.

ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში მობილური ჯგუფებით არ გვარდება. პროკურატურასაც ხომ არ აპირებთ შეყვანას? ვინც გირჩიათ ასე ამ პრობლემის მოგვარება, არის როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალი. პანდემია წამლით არ გვარდება და არ/ვერ იმართება.

ჯანდაცვის სექტორი არ არის მზად იანვარ/თებერვლის ტალღისთვის. თავს ნუ იმშვიდებთ და „მრჩევლები“ გამოცვალეთ. კიდევ ერთხელ, ჯანდაცვის მინისტრის წარმატება არის ქვეყნის წარმატება და იმედია, კონსტრუქციული კრიტიკა არ გადავა სხვა რამეში. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ჯანდაცვის მინისტრს და მის გუნდს“, - წერს ფხაკაძე.