1728933551
ეს ვირუსი ბავშვებისთვის უფრო საშიშია - რა ვიცით ჰონგ-კონგის ვირუსზე... კლინიკების ნაწილი 24-საათიან ამბულატორიულ მომსახურებაზე გადავიდა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძე სეზონური ვირუსების გავრცელების მასშტაბებს გვაცნობს.
ქვეყანაში რინო, ადენო ვირუსი და სეზონური გრიპია გავრცელებული. თუმცა მსოფლიოში და საქართველოში დომინანტი წელს H3N2 ტიპი აღმოჩნდა, რომელსაც ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს უწოდებენ.
ექიმები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რიცხვი გასსამმაგებულია.
მომატებულია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებში. ვირუსით ინფიცირებულებს ექიმის დახმარება და სტაციონარში გადაყვანა ხშირად ესაჭიროებათ. კლინიკების ნაწილი 24-საათიან ამბულატორიულ მომსახურებაზე გადავიდა.
„„ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია, არის ტემპერატურის მკვეთრი მატება 38 და უფრო მეტი გრადუსი, ძლიერი სისუსტე კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით შედარებით განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისგან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს - ომიკრონისგან. წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 2 წლამდე ასაკის ბავშვი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.
შესაბამისად, გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია გართულებებისა და გამოსავლის მიხედვით, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს. ამიტომ, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
სპეციალისტებისთვის H3N2 - ტიპი საყურადღებოა. დაავადება 5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში ვლინდება.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ვირუსების მატებას ელოდებოდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში. თამარ გაბუნია ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ოჯახის ექიმები მზად არიან პაციენტები ბინაზე მართონ.
H3N2 ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის გარდა ქვეყნის შიგნით ცირკულირებს H1N1 - ე.წ. ღორის და მცირე რაოდენობით სეზონური გრიპი. სპეციალისტები პიკს დეკემბრის ბოლოს-იანვრის დასაწყისში ელოდებიან.
ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ გაბუნიამ ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის ვირუსის მასობრივ გავრცელებაზე ინფორმაცია არასწორია.
მისივე თქმით, ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსის მართვა ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვეულებრივ ბინაზეა შესაძლებელი. თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსი მეტად საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
„რაც შეეხება ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ვირუსის დასახელება ისტორიულია. ვირუსი ეპიდემიის სახით 1968 წელს იყო გავრცელებული. მას შემდეგ მისი მასობრივი გავრცელება მსოფლიოში არსად ყოფილა. ეს არის ვირუსი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არ ახლავს. ბავშვს თუ აქვს სიცხე, უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან და მშობელმა ჩვეულებრივად მართოს ეს დაავადება. ვირუსები საყურადღებოა უფრო იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
თავის დაცვისთვის რეკომენდაციები ისევ არის ხელის ჰიგიენა, დისტანცია. ბავშვი თუ არის ავად, სკოლაში არ გაუშვათ. განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჯანდაცვის სექტორი მობილიზებულია, რათა შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და მართოს ბინაზე. თანხმლები დაავადება თუ არ აქვს, ჰოსპიტალში გადაყვანა ბავშვისთვის მეტი სტრესია, ამიტომ სჯობს, ოჯახის ექიმმა ბავშვი მართოს ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.