ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია თოვლიც - ერთი თვის ამინდის პროგნოზი
1742230743
2024 წელს ევროპის რეგიონში წითელას 127,350 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1997 წლის შემდეგ.
რეგიონში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანას მოიცავს წითელას შემთხვევათა 40%-ზე მეტს ხუთ წლამდე ბავშვები შეადგენენ. შემთხვევათა ნახევარზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 2025 წლის 6 მარტის წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირდა სულ 38 გარდაცვალება.
რეგიონში წითელას შემთხვევები 1997 (216,000 შემთხვევა) წლიდან მცირდება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა - 4,440 შემთხვევა. თუმცა, მატებას ადგილი ჰქონდა 2018 და 2019 წლებში, შესაბამისად, 89,000 და 106,000 შემთხვევა. COVID-19-ის პანდემიის დროს იმუნიზაციის მოცვის შემცირების შედეგად, 2023 და 2024 წლებში წითელას მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვაქცინაციის მაჩვენებლები ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა პანდემიამდელ დონემდე, რაც ზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკს.
"წითელა დაბრუნდა და ეს არის გაფრთხილება. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების გარეშე ადამიანები დაუცველნი რჩებიან. ჩვენ ამჟამად ვაყალიბებთ ახალ რეგიონულ ჯანდაცვის სტრატეგიას ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის და უნდა გავუფრთხილდეთ მიღწეულ პროგრესს. ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა მიაღწიონ ხმა არასრულად ვაქცინირებულ ადამიანებს - ამბობს ჰანს პ. კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი - "წითელას ვირუსი არ ჩერდება და არც ჩვენ გვაქვს უფლება მოვადუნოთ ყურადღება.”
2024 წელს გლობალურად წითელას შემთხვევათა ერთი მესამედი დაფიქსირდა ევროპაში. მხოლოდ 2023 წელს რეგიონის მასშტაბით 500,000 ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის პირველი დოზა (MCV1), რომელიც გეგმიური იმუნიზაციის კალენდრის ნაწილია.
„წითელას შემთხვევებმა ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მოიმატა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმუნიზაციის ხარვეზებზე“, - ამბობს რეგინა დე დომინიკისი, გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. “მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ ბავშვების ამ მომაკვდინებელი დაავადებისგან დასაცავად, მათ შორის უნდა განახორციელონ მდგრადი ინვესტიციები ჯანდაცვის სპეციალისტებში.”
წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება ჯანმრთელობის ისეთი გართულებების შედეგად როგორიცაა პნევმონია, ენცეფალიტი, დიარეა და დეჰიდრატაცია, ასევე ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები, როგორიცაა სიბრმავე. მას ასევე შეუძლია ზიანი მიაყენოს იმუნურ სისტემას მისი ინფექციებთან ბრძოლის მეხსიერების „წაშლით“ და წითელათი დაინფიცირებულ ადამიანებს დაუცველებს დატოვებს სხვა დაავადებების მიმართ. ვაქცინაცია ვირუსებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.
2023 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და რუმინეთში ბავშვთა 80%-ზე ნაკლებს ჩაუტარდა MCV1 ვაქცინაცია, რაც ბევრად დაბალია 95 %-ანი დაფარვის მაჩვენებელზე, რომელიც საჭიროა კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში MCV1-ის დაფარვის მაჩვენებელი შესაბამისად 70% და 50% ქვემოთ მერყეობს მინიმუმ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
2024 წლისთვის რეგიონში ყველაზე მეტი - 30,692 შემთხვევა რუმინეთში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 28,147 შემთხვევით.
წითელა რჩება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ. 2024 წლისთვის მსოფლიოში წითელას 359,521 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა. ამ უაღრესად ინფექციური დაავადების გავრცელება მოხდება იქ, სადაც ვირუსი აღმოაჩენს არავაქცინირებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს.
UNICEF და WHO მუშაობენ ქვეყნებთან ერთად და პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მხარდაჭერით, რათა თავიდან აიცილონ წითელას ეპიდემიები - საზოგადოების ჩართულობით, ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგით, იმუნიზაციის პროგრამებისა და დაავადებათა ზედამხედველობის სისტემების გაძლიერებით და წითელას იმუნიზაციის კამპანიების ჩატარებით.
UNICEF და WHO მოუწოდებენ მთავრობებს, სადაც წითელას აქტიური ეპიდემია მიმდინარეობს, სასწრაფოდ გააძლიერონ შემთხვევების გამოვლენა, მოიძიონ კონტაქტები და ჩაატარონ გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიები. აუცილებელია, რომ ქვეყნებმა გააანალიზონ ეპიდემიების გამომწვევი მიზეზები, აღმოფხვრან ჯანდაცვის სისტემის სისუსტეები და სტრატეგიულად გამოიყენონ ეპიდემიოლოგიური მონაცემები ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის და ვაქცინაციის მოცვაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის. პრიორიტეტი უნდა იყოს დიალოგი მოყოყმანე მშობლებთან და მარგინალიზებულ თემებთან ისევე როგორც ვაქცინების არათანაბარი ხელმისაწვდომობის დაძლევა.
ქვეყნები, სადაც ამჟამად არ მიმდინარეობს წითელას ეპიდემია, უნდა მოემზადონ შესაძლო გავრცელებისთვის, მოახდინონ იმუნიზაციაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა ვაქცინების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებითა და შენარჩუნებით და ჯანდაცვის ძლიერი სისტემების შენარჩუნებით.
დამატებითი რესურსები:
წითელა - რა უნდა ვიცოდეთ?
როდის უნდა ავცრა ჩემი შვილი? პედიატრი თამარ კოკაია
Immunization data portal – measles vaccination coverage per Member State in the European Region Immunization data portal – annual reported measles cases for the European Region through 2023
Measles/rubella dashboard – monthly reported measles cases for the European Region through 2024Measles fact sheet