პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.