1728588793
15 თებერვლიდან, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასები 40%-მდე შემცირდება
ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
„ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. სექტორს ერთი თვე აქვს იმისთვის რომ მედიკამენტებზე ფასები შეამცირონ და აღნიშნულ სისტემაზე გადაეწყონ.
ჯანდაცვის სამინისტრომ, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ელექტრონული ბაზა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც წამლის რეალიზაციის პროცესს მარეგულირებელი ონლაინ რეჟიმში დააკვირდება. რეფერენტული ფასების დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს სანქციები 15 მარტიდან დაეკისრებათ. საცალო აფთიაქი პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებს, განმეორებით შემთხვევაში კი 5000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება საბითუმო რეალიზატორს, გაფრთხილების შემდეგ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში 15 000 ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა, სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია 30 000 ლარს შეადგენს.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.