„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
დღეს სილამაზის ეტალონად და ლეგენდად აღიარებული ტელემსახიობის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების დღეა. 5 წლის წინ, 2017 წლის 11 ოქტომბერს სამწუხარო ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა - ლიკა 57 წლის იყო... ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
„პრაიმტაიმმა“ ქართული, უკვდავი ფილმის „ნატვრის ხის“ გამორჩეულ პერსონაჟთან (გაულაწუნე) დავით აბაშიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. სადაც წაიკითხავთ აქამდე გაუხმაურებელ უცნობ ფაქტებს ნატვრის ხის გადაღების შესახებ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს.
„ფილმის გადაღებები რომ დაიწყო,16 წლის ვიყავი, თუ არ ვცდები, ლიკა ჩემზე ერთი წლით პატარა იყო. ენით აღუწერელი, წარმოუდგენელი გარეგნობა ჰქონდა, ისეთი შინაგანი სხივი გამოსჭვიოდა, რომ პირადად ჩემზე, დამამშვიდებლად მოქმედებდა.
ლიკას გმირის, მარიტას როლის რამდენიმე კადრის გადაღება, ძალიან ცუდ ამინდში მიმდინარეობდა, გახსოვთ ალბათ, როცა ტალახს ესვრიან. ამ დროს მთელი ჯგუფი ტიროდა, აბა, მე რომ კისერი მომტეხოდა, კაციშვილი პატრონი არ იყო ჩემი (იცინის).
ისე განიცდიდნენ, რომ თავს ვერ იკავებდნენ. ერთ-ერთ კადრში, სადაც ცხონებული ბორის წიფურია ყვირის, რას უშვრებითო, თან დედის გინებასაც აყოლებს.
ფაქტობრივად, სინამდვილე იყო, არ იყო დადგმული. მართლა აღშფოთებული იყო, ყოველგვარი, ცენზურის მიღმა ლექსიკით გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას.
საოცარი ატმოსფეროს შემქმნელი ადამიანი იყო, ლიკას იქ ყოფნა, სასწაული იყო. მართლაც, „ლომების პარადი“ იყო, ძალიან რთული იყო, ამ ბუმბერაზ მსახიობებში, განსაკუთრებული ადგილი მოგეპოვებინა.
ჩემი აზრით, ლიკას ჰქონდა ეს ადგილი. ბავშვობიდანვე არაამქვეყნიური, როგორც გარეგნულად ლამაზი, ამავე დროს, შინაგანად ფაქიზი, ნაზი სულის ადამიანი იყო. ძალაუნებურად დააფიქრებდა ადამიანს - ღირს ეს ცხოვრება, რომ ბოროტება ჩაიდინო?
ასეთი სუფთა ადამიანი, რთულად მოსაძებნია. მარიტას როლი, აბსოლუტურად მასზე მორგებული იყო, მისთვის დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, მის გარდაცვალებაზე, ძალიან მწყდება გული.
იმდენად არაამქვეყნიური იყო, ისე მოხდა, როგორც ამბობენ - უფალსაც კარგი უნდა თავისთვის. ასე მგონია, რომ აქ მისი ადგილი არ იყო.
მასში არაფერი ხელოვნური არ იყო, არც ერთი წვეთი სიყალბე, ნამდვილი საოცრება იყო. წლები რომ მოემატა და მაკიაჟით ვხედავდი, ვერასდროს ვერ ვეგუებოდი, მრჩებოდა შთაბეჭდილება, პატარა ბავშვს რომ ტუჩსაცხი წაუსვა, ისე გამოიყურებოდა. ლიკა, ასე დარჩა ჩემთვის ბოლომდე, ვერ წარმოვიდგენდი მაკიაჟით, მის სილამაზეს ეს არ სჭირდებოდა.
სამწუხაროა, ის ფაქტი რომ გარდაცვალებამდე, მივიწყებული ჰყავდათ. დღემდე გული მწყდება, ეს ადამიანი ყველანაირი სიკეთის ღირსი იყო. მით უმეტეს როგორც მსახიობი, სამწუხაროა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, მისი ადგილი არ მოინახა. მაგრამ ეს მისი პრობლემა არ იყო. მათი პრობლემა, ვინც ლიკა ვერ დააფასა და ვერ მოძებნა.
- იმ პერიოდში, უამრავი ადამიანი იყო ლიკაზე შეყვარებული, თქვენ როგორ უძლებდით მის სილამაზეს?
მართლაც წარმოუდგენელი სილამაზე ჰქონდა, მაგრამ მე ვუყურებდი, როგორც ნახატს, ვერანაირად ვერ აღვიქვამდი, როგორც ნამდვილ ადამიანს.
არაამქვეყნიური გარეგნობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ბევრი იყო შეყვარებული, ფილმში, ჩხუბის სცენა სადაც არის, გედიამ და შეთემ, კინაღამ მართლა დახოცეს ერთმანეთი.
ამ კადრის გადაღებამდე, ბ-ნმა თენგიზმა, ორივეს, ერთი-ორი ისეთი ფრაზა უთხრა, დაანგრიეს ცემით ერთმანეთი, თუ არ ვცდები, ზედმეტი ანაზღაურების გარეშე (იცინის). ამიტომაც ძალიან რეალური, „ნატურალური“ კადრი გამოვიდა.