ვის ხარჯზე იკვებებოდა თამარ მეფე და რატომ არ ეძინა მას ღამღამობით

თამარ მეფე

დავით აღმაშენებელი რომ თორმეტი მეფის ხელმწიფედ მიიჩნეოდა, ამის შესახებ ქართულ წყაროებში გვაქვს ცნობები („დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“ და „ხელმწიფის კარის გარიგება“). საკრალურ რიცხვ თორმეტთან კავშირი აქვს თამარ მეფესაც.

 

თამარ მეფე ძალიან მორწმუნე იყო, ვერ მოხიბლა ჩვენი ხელმწიფე წუთისოფლის გასართობებმა, ვერც ძალაუფლებამ, ვერც გვირგვინმა და სკიპტრამ, ვერც უამრავმა თვალ-მარგალიტმა, ვერც ჯარის სიმრავლემ და სიძლიერემ.

„ვერ შეიტყუა იგი საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმჴნემან... ...არა მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან“.

მამასავით და თავისი დიდი წინაპრის, ისრაელის ბრძენი მეფე სოლომონის მსგავსად, ბრძენი იყო და მუდმივად ლოცულობდა – „ღამე ყოველ მღჳძარება, ლოცვა, მუჴლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა განსაკჳრვებელ აქუნდა“. სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფალ დროს ან ლოცულობდა ან ხელსაქმობდა. ეს გართობა კი არ იყო, არამედ შრომა - უფლისა და ადამიანთა მსახურება.

დავით აღმაშენებელი თავის ნანადირევს ჰყიდდა და მოგებულ ფულს ღარიბებს ურიგებდა, რათა პირადად ნაშრომი გაეცა. თამარ მეფეც ღამით ხშირად იღვიძებდა, ლოცულობდა, მეტანიობდა და ყოველ ღამით ხელსაქმობდა - ქსოვდა, კერავდა და მერე გლახაკებს ურიგებდა თავის ნაშრომს.

დიდ საქართველოს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა, მდიდარი ხაზინა, ბიუჯეტი. ხაზინიდან ფინანსდებოდა ქართული არმიის შენახვა და ლაშქრობები, დაზვერვა, სპეცსამსახურები, გზების გაყვანა, განახლება, ხიდების აგება, წყალგაყვანილობების შექმნა, ქალაქების მშენებლობა, ქუჩების შეკეთება და სხვა.
ბიუჯეტის ნაწილი იხარჯებოდა მმართველობის სისტემაზე, სახელმწიფოს აუცილებელ პროექტებზე, ხელქვეითების შენახვასა და სხვა საქმეებზე.
მნიშვნელოვანი იყო, ასევე, სასახლეებისა და ცერემონიების ხარჯებიც, რადგან საქართველოში ბევრი ელჩი და სტუმარი ჩამოდიოდა და მათ შესაბამისი დახვედრა სჭირდებოდა. სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდებოდა კულტურული ღონისძიებები: წიგნების გადაწერა, ხელოვანთა შენახვა, ეკლესია-მონასტრებისა და სასახლეების მოხატვა და გამშვენება. საქართველოს სახელმწიფო დიდი იყო და ტოლს არ უდებდა არც ერთ დიდ სახელმწიფოს ამ საქმეში, შესაძლოა, აჭარბებდა კიდეც. ეკლესიასაც ეხმარებოდნენ - ჰქონდა შეუვალობა, დიდი ქონება და თვითონაც ძალიან ძლიერი იყო. მონასტრებს დიდ შესაწირს სწირავდა მეფე თამარი, აგებდა ტაძრებს. კულტურის განვითარებისთვისაც დიდი თანხები იყო გამოყოფილი.

ამ ყველაფერთან ერთად მაშინდელი ბიუჯეტის ძალიან სერიოზული ნაწილი, 10 პროცენტი სოციალური დახმარებებისთვის გამოიყენებოდა, ღატაკთა დახმარებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი თანხა ხმარდებოდა სამკურნალო დაწესებულებებს. სადაც მკურნალობა, რა თქმა უნდა, იყო უფასო.

ამასთან ერთად, თამარი ეწეოდა პირად ქველმოქმედებას, როგორც ადამიანი, ერთი პერსონა და არა როგორც მეფე. თავისი ხელით ქმნიდა ხელმოკლე ადამიანებისათვის ტანსაცმელს, ართავდა, ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა, და თავის პირად ნაშრომს გლახაკებს ურიგებდა.

ერთხელ ხანგრძლივი „ლოცვისა და ჴელსაქმარისა მიერ მაშურალმან“ მიიძინა. სიზმარში იხილა ძალიან ლამაზი ადგილი, ყვავილებით, მცენარეებითა და ნერგებით გამშვენებული. იმდენად ლამაზი, მთხრობელი რომ ვერ აღწერს, რადგან შეუძლებელია სამოთხის აღწერა.

იდგა ოქროსა და ვერცხლის სარკმლებით შემკული საყდრები. იდგა გამშვენებული სკამები დამსახურებული ადამიანებისთვის, საქმეების მიხედვით მათ დასაფასებლად. სულ მაღლა იდგა ოქროს ტახტი, ყველაზე მაღალი, ლამაზი და საპატიო, შემკული პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით. ამ სამოთხეში შეიყვანეს იქ შეყვანის ჭეშმარიტად ღირსი ჩვენი დედოფალი. იხილა ტახტები და გაიფიქრა: „მეფე ვარ თვითმპყრობელი და ჩემი არის ეს უზენაესი და უმთავრესი ტახტიო“ და გაემართა მასზე დასაჯდომად. მაგრამ მეფეთ-მეფეს წინ დაუდგა ნათლით მოსილი კაცი, მოჰკიდა ხელი და უთხრა: „შენი არ არის ეს დასაჯდომი, შენ ვერ შეძლებ მის დაკავებას!“

ხელმწიფემ ჰკითხა: „ვინ არის ჩემზე უპატიოსნესი, რომელიც დაიკავებს ამ პატიოსან ტახტს?“

ნათლითმოსილმა კაცმა უპასუხა: „ეს ტახტი შენი დიასახლისის, მოსამსახურის არის, რადგან თორმეტ მღვდელს აცვია მის მიერ შექმნილი შესამოსელი და იმ სამოსლით წარდგებიან ტრაპეზთან უსისხლო და პატიოსანი მსხვერპლის შეწირვისას. ამიტომ ეს დედაკაცი შენზე მაღლა დგას. და თუ შენ მეფე ხარ, შენთვის ეს დიდებაც საკმარისია, შენი საყოფი ესაა“ და უჩვენა უფრო მდაბალი დასაჯდომელი.

ბერის, მღვდლის, სასულიერო პირის შემოსვა დიდად საპატიო სამსახური იყო. განსაკუთრებით თორმეტი მღვდლისა, რაც ძალიან საკრალური რიცხვია ქრისტიანობისთვის. ამგვარად, თამარ მეფემ სიზმარში, გამოცხადებაში იხილა მისი, როგორც დიდი სახელმწიფოს მეფის, დავალებაც, სასულიერო პირთა შემოსვა-გაძლიერება, თან თორმეტის, მაცხოვრის თორმეტი მოციქულის მსგავსი სიმბოლიკით.

გაიღვიძებისთანავე მეფემ მოაყვანინა ის დიასახლისი, რომელმაც აღიარა, რომ თორმეტ მღვდელს შეუქმნა სამღვდელო შესამოსელი სრულად, კვართიდან ფილონამდე და მიუძღვნა. კვართი მღვდლებს აცვიათ ფილონის ქვეშ და ის სიმბოლურად მიანიშნებს მაცხოვრის კვართზე. ფილონი კი უსახელო შესამოსელია, ზემოდან მოსაცმელი მღვდლებისთვის, რომელიც ქრისტეს სუდარის სიმბოლური მინიშნებაა.

თამარ შვიდმნათობიერმაც დაიწყო ზრუნვა პირადად, საკუთარი ხელით შექმნილი ტანსაცმლით მღვდლების შემოსვაზე. ალექსანდრიიდან ვაჭართა მიერ შემოტანილი მატყლის დართვა, ნაჭრების დამზადება და თორმეტი სრული სამღვდელო შესამოსლის შეკერვა.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია – რა ფასის საჭმელსაც შეჭამდა დღეში, იმ ფასის საქონელს, თავისი ხელით შექმნილს, გაყიდდა ხოლმე და მიღებულ ფულს გლახაკებს აძლევდა, რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ბიუჯეტის 10 პროცენტის გარდა. ან გლახაკებს უქსოვდა და უკერავდა ტანსაცმელს იმ ფასისას, რასაც ჭამდა. ანუ, უფასოდ ან სახელმწიფოს ხარჯზე არაფერს ჭამდა.

ღვთისმსახურება მის სასახლეში დაუკლებლად აღესრულებოდა, როგორც ტიპიკონი მოითხოვს და განწესება პალესტინის მონასტრისა, ზუსტად ისე. სამეფო კარზე მყოფი ვერავინ დააკლდებოდა წირვა-ლოცვას, დილას, სამხრისას, მწუხრისას...

ასეთი იყო ჩვენი ხელმწიფე – მეფეთ მეფე და დედოფალთ-დედოფალი თამარი.