პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„შეუსრულებელი რეისი“- ბაბუშერას აეროპორტთან თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 30 წელი გავიდა. ინციდენტს, ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოცამდე კი. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას „განწირულ რეისსაც“ უწოდებენ, რადგან ამ დროს სოხუმის აეროპორტი თბილისიდან საჰაერო ტრანსპორტს არ იღებდა.
საბედისწერო რეისზე ერთ-ერთი დაღუპული მებრძოლის, ბექა ფილფანის მეგობარი ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი, აფხაზეთის ომში განვითარებულ მოვლენებზე და ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპულ გმირზე „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:
როდესაც რუსებმა სოხუმში შტურმი დაიწყეს, ბექა საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, არც სოხუმში. 1993 წლის 22 სექტემბერს ჩამოფრინდა საქართველოში და იმავე დღეს, სოხუმში გაფრენა გადაწყვიტა, რაც ნამდვილ გმირობად შეიძლება ჩაითვალოს.
როცა ომში ხარ, იძულებული ხარ იბრძოლო, მაგრამ იმ პერიოდში, ბექა ჯერ ერთი, რომ ფრონტზე არ იმყოფებოდა და თან ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, პრაქტიკულად, სოხუმში უკვე განწირული იყო. მიუხედავად ამისა, ბექა სწირავს სიცოცხლეს და უერთდება იმ გმირებს, რომლებიც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას შეეწირა.
– ომის დასაწყისიდანვე იბრძოდა ბექა?
პრაქტიკულად, ომის დაწყების პირველივე დღიდან, ბექა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში, ისიც ცოტა ხნით და ისევ უკან ბრუნდებოდა.
გახსოვთ ალბათ, სოჭში 1993 წლის 27 ივლისს, ორ მხარეს შორის, გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდა.
სწორედ, იმ პერიდში, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ჟიული შარტავა. ომის დასრულების შესახებ საუბარი შედგა კიდეც, მართალია, გაგრა უკვე დაკარგული გვქონდა, მაგრამ აფხაზეთის უდიდეს ნაწილს, ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.
გაეროს სამშვიდობო მისიამ, მშვიდობის მყოფელის ფუნქცია დაიკისრა და შუა ხაზზე ჩადგა ქართულ და ე.წ. აფხაზურ საბრძოლო შენაერთებს შორის. სწორედ, ამ დროს მოხდა ტექნიკის დაშორიშორება, სამწუხაროდ, საქართველოს მტრების მიზზანმიმართული და ფარული ქმედებით მოხდა დაზიანება ჩვენი საბრძოლო ტექნიკის, იმ დონეზე, რომ მათი გამოყენება, სექტემბრის თვეში უკვე შეუძლებელი გახდა.
ივლისის ხელშეკრულების შემდეგ, ქართველი მებრძოლების ძირითადი ნაწილი, ფრონტიდან გამოყვანილ იქნა და ფრონტის ხაზზე, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული სამხედრო შენაერთები დარჩნენ.
– თუკი ასეთი მძიმე და არეული სიტუაცია იყო, რატომ წავიდნენ ეს ბიჭები?
სექტემბერში ყოველგვარი გაფრთხილებების გარეშე, რუსულ-აფხაზურმა მხარემ, მოულოდნელად დაარღვია ხელშეკრულება და ისევ განახლდა საბრძოლო მოქმედებები. სოხუმის და ოჩამჩირის მიმართულებით, პირდაპირ რუსული სამხედრო შენაერთების მონაწილეობით დაიწყო შტურმი.
ამავდროულად, მთავრობის მოწინააღმდეგე ბანდფორმირებებმა, მთლიანად გადაკეტეს თბილისიდან აფხაზეთისკენ მიმავალი გზის სამეგრელოს მონაკვეთი, როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო, რის გამოც ყველანაირი სახმელეთო კომუნიკაცია შეწყდა თბილისსა და სოხუმს შორის.
სამხედრო ძალის სოხუმში გადასროლის ერთადერთი საშუალება, საჰაერო გზა იყო, ამიტომაც ხდებოდა, მებრძოლების თვითმფრინავით გადაყვანა. აფხაზეთის ტერიტორიაზე კი, ქობალია და მისი რაზმი კეტავდნენ გზას, ხოლო სოხუმამდე მისასვლელი საზღვაო გზაც, საქართველოს მტრებს ჰქონდა დაბლოკილი. .
როგორც აღვნიშნეთ, სოხუმს ერთი მხრიდან, რუსი მოქალაქეებით დაკომპლექტებული შენაერთები უტევდნენ, ხოლო მეორე მხრიდან, მოღალატეები ბლოკავდნენ.
ამ ვითარებაში, გაეროს სამშვიდობო ძალებმაც, როგორც იტყვიან „ხელები დაიბანეს“ სამშვიდობო მისიის შესრულებაზე და სოხუმი დასაღუპავად გაწირეს. შესაბამისად, სოხუმის გადარჩენა, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
ვინც იქ იმყოფებოდა, პრაქტიკულად, განწირული იყო. გავიხსენოთ, სოხუმის დაცემის შემდეგაც, სამეგრელოს ტერიტორიაზე, მოღალატეებმა, სოხუმიდან დევნილები არ გამოატარეს და ამ ხალხს, კოდორის ხეობის გავლით, ფეხით მოუწიათ გადმოსვლა, რა დროსაც დიდი ტრაგედია დატრიალდა.ადრეული თოვლის გამო, ბევრი ბავშვი და ქალი დაიღუპა ამ გზაზე.
სოხუმის გადარჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდებოდა. ამას დაემატა, რ. ხაზბულატოვის ამბოხება რუსეთში, რაცოქტომბრის პირველ რიცხვამდე გაგრძელდა და რუსეთში რეალურად, ორხელისუფლებიანობა იყო დამყარებული.
რუსული არმია ფაქტიურად, პოლიტიკური კონტროლის გარეშე იყო დარჩენილი და შესაბამისად, მზად იყო, საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერი სახის, უკანონობის ჩასატარებლად.
ამ სიტუაციაში, როდესაც სოხუმის გადარჩენა, მხოლოდ სასწაულს შეეძლო, აფხაზეთის ომის მონაწილე ბექა ფილფანი, ერთ-ერთი იმ გმირთაგანია, რომელიც მიუხედავად ამ სიტუაციისა, მაინც წავიდა სოხუმის დასაცავად.
რეალურად, საქართველოს გამარჯვების, მხოლოდ ერთადერთი შანსი არსებობდა – ეს იყო სასწაული უფლისა და სწორედ, ეს ერთი შანსი დააყენა ყველაფერზე მაღლა ბექა ფილფანმა, მიენდო უფალს, მაინც წავიდა სოხომში, რათა სამუდამოდ გარდასახულიყო საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობის ერთ-ერთ უკვდავსახელად.
– იმ დღეს ბექა მარტო წავიდა, თუ ბავშვობის მეგობრებთან ერთან?
ბექას ბავშობის მეგობრების და უბნელების უდიდესი ნაწილი, სხვა რეისით აღმოჩნდა სოხუმში. როგორც ყოველთვის, ბექა ამჯერადაც, ერთ-ერთ მეგობარ, გიორგი ხვიჩიასთან ერთად აპირებდა სოხუმისკენ გაფრენას. ხვიჩია გმირი მებრძოლი და წარმატებით მეთაურობდა საბრძოლო შენაერთებს.
მან აფხაზეთის ომის დროს, თვალი დაკარგა. იმ საბედისწერო დღეს, სრულიად შემთხვევითი მიზეზების გამო, სხვადასხვა რეისით მოუწიათ სოხუმში გაფრენა.
ბექა და გიორგი განუყრელი მეგობრები იყვნენ. გიორგი ყოველთვის გამოირჩეოდა ღირსებით და საბრძოლო შემართებით, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ბრძოლა, რამდენიმე წლის წინ უკრაინაში (2016 წ.) გარდაიცვალა – სიცოცხლის ბოლო წამამდე, ის დარჩა ქართველ ჯარისკაცად და საქართველოს მოქალაქედ (დაკრძალულია საბრთალოზე – ძმათა სასაფლაოზე))...
– როგორ გაიგეთ მისი დაღუპვის ამბავი?
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შესახებ, ტელევიზიით გადმოსცეს. ამ აფეთქებას ლევან თედიაშვილის (თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი) უფროსი ვაჟი, ვახო შეეწირა, რომელსაც ბარძაყის არეში მოხვდა ნამსხვრევი და სისხლდენით გარდაიცვალა.
სწორედ, ამ რეისით უნდა დაბრუნებულიყო მამა-შვილი (ლევან და ვახტანგ თედიაშვილები) თბილისში. როგორც ვიცი, აეროპორტში იდგნენ და უყურებდნენ ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავს, ამის უმძიმესი კადრებიც არსებობს.
ძალიან მძიმე პერიოდი იყო, არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა. მართალია თვითმფრინავი აფეთქდა, მაგრამ სულ გვქონდა ეჭვი, რომ იქნებ ამ რეისზე არ იმყოფებოდა, ვფიქრობდით, იქნებ ტყვედ ჩაბარდა, ან სხვა რეისით გაფრინდა.
– ბავშვობიდან მეგობრობდით ბექასთან?
მე და ბექა მეზობლები ვიყავით და აქედან გამომდინარე, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. ერთ კორპუსში ვცხოვრობდით, ერთი წლით უფროსი იყო ჩემზე. ღირსეულად და გამორჩეულად კეთილშობილი იყო.
ბავშვობაში ხშირად ამბობდა, მე ისე უნდა ვიცხოვრო, ჩემი სახელი, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაერქვასო.
– და ეს ოცნება ახდა…
მეგობრებმა ავუხდინეთ ოცნება. ამ სიტყვებს, 10-12 წლის ასაკიდან ამბობდა. საბურთალოზე და მთელ თბილისშიც, ვინც კი იცნობდა ბექას, ყველა დიდ პატივს სცემდა და უსაზღვროთ უყვარდა.
ბექას დაღუპვის ამბავი, დიდხანს არ გჯეროდა. წარმოუდგენელი იყო იმის დაშვება, რომ ბექა ცოცხალი აღარ იყო. აღმოჩნდა, რომ მართლებიც ვიყავით. ბექა არ მომკვდარა, ბექა უკვდავია.
ერთი პერიოდი, იმედი გვქონდა, ეგებ იმ საბედისწერო რეისს აცდა, იქნებ პარტიზანივით იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი დაეცა და აფხაზეთი ოკუპრებული იყო.
მისი ხასიათიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებლად მიგვაჩნდა, რომ ბექა ფილფანი, მარტოდმარტო გასულიყო ტყეში და მარტოს ებრძოლა საქართველოს მტრების წინააღმდეგ.
თუმცა დაახლოებით ერთი წლის თავზე, მისი გამოჩენის იმედი გადაგვეწურა. სწორედ, ამ პერიოდში, დაახლოებით 1994 წელს ბექას მეგობრებმა – ზურა ხაინდრავამ და ბ-მა გია ხმალაძემ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ა. ყაზბეგის ქუჩაზე ჩამომავალ გზასთან მდებარე კედელზე, განათავსეს აბრა წარწერით – „ბექას ქუჩა“.
მართალია, ამ ქუჩას და მის მიმდებარე სკვერს, ბექა ფილფანის სახელი, ოფოციალურად 2020 წელს მიენიჭა, რაშიც დიდი როლი ითამაშა, საბურთალოს გამგებელმა გიზო ვასაძემ, მაგრამ 1994 წლიდან, ყველამ იცოდა, რომ თბილისში არსებობს „ბექას ქუჩა“.
მეტიც, ისე მოიტანა ცხოვრებამ, ოდესღაც კორპუსებს შორის არსებული უსახელო სივრცე, მას მერე რაც მას ბექა ფილფანის სახელი ეწოდა, გადაიქცა სამი უმნიშვნელოვანესი გამზირის – ვაჟა-ფშაველას, ა. ყაზბედგის და პეკინის დამაკავშირებელ მთავარ კვანძად.
შესაბამისად, საბურთალოს და თბილისის ერთ-ერთ მთავარ გზაჯვარედინად, რასაც ბექა ფილფანის, გიორგი ხვიჩიას, ირაკლი ამირეჯიბის, ლევან აბაშიძის, ალექსანდრე (საშკა) იოსელიანის, კოტე ჯანჯღავას, რატი კიკაჩეიშვილის, მიხეილ ქორიძის (ხულიგანა) და მათი გმირი თანამებრძოლების სახელი დაერქმევა.
რაოდენ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს, უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს, რადგან მათი უკვდავი სულები, იბრძვის, მოქმედებს, აშენებს მარად!