VIDEO: „არცერთი შვილის გვამი მე არ მინახავს” - გმირი ბიჭების მამა, მურაზ რომელაშვილი

მურაზ რომელაშვილი

ძმები, გია და გელა რომელაშვილები, როცა ცხინვალიდან დევნილები გახდნენ, 1991 წელი იყო, მაშინ გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. დევნილი ძმები  მშობლიურ ქალაქში 17 წლის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ სამუდამოდ… მათ იქ დალიეს სული, სადაც დაიბადნენ…

ძმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან ირიცხებოდნენ. გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. ცხინვალში, სატანკო კოლონას წინ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომელშიც ორ ჯარისკაცთან ერთად მეთაური გია რომელაშვილი იმყოფებოდა. უკან გელას ტანკი მიჰყვებოდა. გია რომელაშვილმა მის უკან მომავალი ტანკების აფეთქება ვერ გაიგო და გზა გააგრძელა, მისი კვალი აქედან იკარგება.

რაც შეეხება გელას, აფეთქების შემდეგ, ტანკიდან ამოსვლა მოახერხა, ახლომდებარე შენობაში შევარდა, თუმცა იქ რუსებისა და ოსების შტაბი აღმოჩნდა, ტყვედ აიყვანეს, აწამეს და შემდეგ მოკლეს.

2008 წლის 25 დეკემბრამდე ორივე ძმა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დნმ-ის ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო 10 ჯარისკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო.

გიას სამუდამო განსასვენებელი კი… სიკვდილის შემდეგ ძმები რომელაშვილები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ. 2016 წელს გორის ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭა. 2011 წელს კი, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა.