1751921238
„ბატონი გიორგი ამზადებს განცხადებას“ - საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "სილქ როად გრუპის" დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე დაცვის მხარე, გირაოსო სანაცვლოდ, დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, ხოლო პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
დაცვის მხარის ადვოკატის თქმით, ბრალდებული აპირებს, რომ სასამართლოზე სიტყვით ისარგებლოს. სავარაუდოდ, ის წაიკითხავს განცხადებას, რომელზეც დაკავებული ადვოკატთან ერთად მუშაობდა. წერილის შინაარსი, ამ დროისთვის, უცნობია.
"პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. როგორც ბატონი გიორგის დამცველს, მიმაჩნია, რომ არ არის სამართლიანი ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება. ბუნებრივია, შევთავაზებთ გირაოს და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო იქნება ობიექტური.
ბატონი გიორგი ამზადებს განცხადებას და ეს განცხადება ეკუთვნის მასმედიას. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ამ განცხადებას მიიღებთ", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს აღკვეთის ღონისების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი.
"ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით. დანაშაულის ხასიათისა და სპეციფიკის გათვალისწინებით არის აღნიშნული პოზიცია განპირობებული.
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას აქვს წესები, შესაბამისად ცეცხლსასროლი იარაღის როდესაც პირს რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით იგი დაცულ ადგილას უნდა იყოს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად გამორიცხულია", - განაცხადა თორნიკე მახათაძემ.