დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მერაბ მინდიაშვილზე, ლეგენდები ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დადიოდა. აქტიურად იყო ჩაბმული რუსი და ოსი სამხედროების წინააღმდეგ გამართულ თავდაცვით ბრძოლებში.
ერთი შეხედვით უბრალო ქემერტელი ბიჭი, შიშის ზარს სცემდა ოსებს და სასტიკადაც უსწორდებოდა ყოველ უსამართლობაზე მათ. ამბობდნენ, რომ სიმამაცით განთქმული მებრძოლის მოკვლისთვის ოსებს ჯილდოც კი ჰქონდა დაწესებული. მერე როცა განაჩენი სისრულეში მოიყვანეს, სეპარატისტებს ცხინვალში ფოიერვერკიც კი გაუსვრიათ.
ფოიერვეკამდე კი იყო წამება, გაუგონარი და შემზარავი...
1991 წლის 18 მარტს, გამთენიისას, მერაბ მინდიაშვილი და მისი თანამებრძოლი, ზურაბ ხაბარელი, ერედვის გზის გავლით, ზვიად გამსახურდიასთან მიდიოდნენ. ზურაბ ხაბარელი მისი „ქვისლი“ იყო. ოსებმა გაიგეს, რომ მერაბი და მისი თანამებრძოლი, ზვიადთან შესახვედრად მიდიოდნენ, ისიც იცოდნენ, თუ რომელი გზით უნდა წასულიყვნენ. ოსმა სეპარატისტები მერაბს ჩაუსაფრდნენ. პირველი ტყვია, ზვიად ხაბარელს მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მერაბი, ამ დროს, მანქანის საჭესთან იჯდა. ცეცხლი რომ გაუხსნეს, მანქანიდან გადმოხტა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დაჭრილი თანამებრძოლი არ დაუტოვებია, მის დასახმარებლად უკან მიტრიალდა. სწორედ ამ დროს, მერაბს, ტყვია, მუცელში მოხვდა; დაჭრილი ტყვედ აიყვანეს.
ოსმა სეპარატისტებმა, მერაბ მინდიაშვილი, ერედვის გზაზე, ხეზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს. ცოცხლად წვავდნენ და ის მაინც „შავლეგოს“ მღეროდა.
ეს ისტორია წლების შემდეგ, მის წამებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოსმა მოყვა: „ისე მოხდა, რომ 1991 წელს, დიდი ლიახვის ხეობაში, ხეზე მიბმული ერთი ქართველი მღეროდა, ვიდრე ცეცხლმა, მისი სხეული, ფერფლად არ აქცია.“
მაშინ მერაბის მეუღლე ორსულად იყო, მეოთხე შვილს ელოდებოდა.
წლების შემდეგ მისი შვილები გაიხსენებენ, რომ მათ მებრძოლ, გმირ მამას, იმ საბედისწერო დღეს იარაღიც არ ჰქონდა წაღებული... იმდენად ცოტა ადამიანმა იცოდა მისი გადაადგილების მარშრუტი, რომ არ ჰქონდა იმის ეჭვი, რომ გზაში ვინმე დახვდებოდა.
მისი ოჯახი დღემდე ამ მძიმე ტრაგედიით ცხოვრობს. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ამაოდ. დღესაც მაშინდელივით სტკივათ და მოუშუშებელ იარად რჩება 1991 წლის საბედისწერო 18 მარტი.
31 წლის წინანდელ ტრაგიკულ ისტორიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, „პრაიმტაიმთან“ მერაბის ბავშვობის მეგობარი, მეზობელი და თანამებრძოლი ნუგზარ ყაულაშვილი იხსენებს.
„მე და მინდია ერთად ვიზრდებოდით. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა სამი-ოთხი წელია. ბავშობიდან უშიშარი იყო. ფიზიკურად ძლიერი, პრინციპული და ჯიუტი იყო, ამის გამო პაპამ ზედმეტ სახელად „ვირო“ შეარქვა. ჩემი ძმა და მინდია მძღოლად მუშაობდნენ, რუსეთში დაჰქონდათ ტვირთი. 1989 წლის ნოემბრიდან რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, მებრძოლი გახდა. როცა მინდია სოფელში იყო, მცხოვრებლებს არაფრის შიში აღარ ჰქონდათ. ყველა უყვარდა და მასზეც გიჟდებოდნენ. ძალიან უშუალო და მეგობრული იყო. საკმარისი იყო ერთხელ მაინც გენახა, რომ სამუდამოდ დაგმახსოვრებოდა. სიმართლის მოყვარული კაცი იყო და ასეთი წავიდა ამ ქვეყნად.
როცა ქართველებსა და ოსებს შორის მდგომარეობა დაიძაბა და ოსი სეპარატისტები ქართველებს ავიწროებდნენ, მერაბი, პირველი შეუერთდა ეროვნულ მოძრაობას - იარაღიც, პირველად, ყველა ოჯახს დაურიგა. მოსახლეობას შეეძლო, აგრესიული სეპარატისტული დაჯგუფებებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დიდ წილად, ამის წყალობითაც იყო, რომ თითქმის 2008 წლამდე შევინარჩუნეთ დიდი ლიახვის ხეობა - საქართველოს განუყოფელი ნაწილი...“- ამბობს ნუგზარ ყაულაშვილი.
„1991 წლის 18 მარტს, დილის შვიდ საათზე ვნახე. უბნიდან გავაცილეთ, რამდენიმე საათში ტყიდან ამოსული კვამლი, რომ შევნიშნეთ, ცუდად გვენიშნა. რომ ავედით საშინელი სურათი დაგვხვდა. მისი სხეული დანახშირებული იყო...
მესამე დღეს დავასაფლავეთ... სამძიმარზე ადამიანების ნაკადი არ წყდებოდა, ვინ აღარ მოდიოდა, საიდან აღარ ჩამოდიოდნენ...
სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, დაახლოებით სამი კვირით ადრე, დიდი ლიახვის ხეობის 9 სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და მინდია აირჩიეს მეთაურად. მასზე ლეგენდები დადიოდა. ხან მწამებლად მონათლეს, ხანაც ავაზაკად, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. მინდია სიმართლის მოყვარული, ალალი და მართალი კაცი გახლდათ. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ეროვნების ადამიანზე იყო საუბარი, ის ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა და ბოლომდე გაჰქონდა თავისი სიმართლე. ბევრს მისი სამართლიანობა არ მოსწონდა. ოსი სეპარატისტები მუქარებს უთვლიდნენ, სადაც დაგიჭერთ ცოცხლად მოგხარშავთო, ამაზე ხალისობდა - თუ დამიჭირეს რაც უნდათ ის მიქნანო. მუქარაც არ აშინებდა... თვითონ უღალატო კაცი იყო, მაგრამ საუბედუროდ მას უღალატეს...
როცა ცოცხლად წვავდნენ და ის მაინც „შავლეგოს“ მღეროდა, თვითონ ოსებსაც უკვირდათ, ვინ არის ამისთანა ან ამდენი ძალა საიდან აქვსო.
მაშინ როცა ეს ტრაგედია დატრიალდა, მინდიას ორსული მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა მისი შვილი, მეოთხეც გოგონა გაუჩნდა.
იმ ტრაგედიის ადგილას, სადაც მინდია დაწვეს, წლების შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა... ვიროს ქვისლის ძმამ გადაწყვიტა შური ეძია ბიჭების მკვლელებზე. დიდხანს ეძებდა ამ სისასტიკის ჩამდენებს. ერთ დღესაც უთხრეს, რომ მკვლელი ვიპოვეთ, სადაც შენი ძმა და მინდია მოკლეს, იმ ადგილას მოვიყვანთ და რაც გინდა ის უქენიო. მოტყუებით მიიყვანეს და ისიც იმავე ადგილას მოკლეს...“- ამბობს ნუგზარ ყაულაშვილი.
მერაბ მინდიაშვილი 1957 წლის 14 იანვარს, სოფელ ქემერტში დაიბადა. ის 1989-91 წლებში რუსი სამხედროებისა და ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა.