„ცოლის მეგობარი კაცი მოკლა... ციხიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს“ - რას ჰყვება ადვოკატი

ციხე

ყველა პროფესიას თავისი ხიბლი აქვს. ყველა პროფესიის ადამიანს საკუთარი და სხვისი იდუმალი ისტორიების ჩანაწერები. განსაკუთრებით საინტერესო, ემოციური და დასაფიქრებელი, მოსამართლეები, გამომძიებლები და ადვოკატები არიან.

ადვოკატი, რომლის მოგონებებიდან მცირე ფრაგმენტს გთავაზობთ, 20 წელია ამ სფეროშია. ადვოკატად მუშაობს და ბევრი საინტერესო საქმე განუხილავს. მკვლელიც დაუცავს და მეუღლეებს შორის საოჯახო დავაშიც ჩარეულა.

ახალგაზრდა, ენერგიული ქალბატონი დატვირთული რეჟიმის და თეთრად გათენებული ღამეების მიუხედავად, ბედნიერია, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა უწევს. ამბობს, რომ ეს მისი მოწოდებაა და არჩეული პროფესიით კმაყოფილია. ჟურნალისტებთან ურთიერთობა დიდად არ უყვარს, მაგრამ უწევს, რადგან ხშირად ხმაურიან საქმეებში ბრალდებულებს იცავს. როგორც ყველა ქუთაისელს, მასაც იუმორის საოცარი გრძნობა აქვს...

გთავაზობთ მცირე ამონარიდს:

- მახსოვს, მკვლელობაში ბრალდებულს იცავდით, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის საყვარელი მოკლა. ახლახან შევიტყვე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეს წყვილი ისევ ერთად ყოფილა...

- მძიმე ფაქტი მოხდა. იმ ღამით მეუღლემ ცოლი ვერ ნახა სახლში და ძებნა დაიწყო. მეზობლის სახლში შუქი დაინახა. წესით, იქ არავინ უნდა ყოფილიყო. დაეჭვდა და გაჰყვა კვალს. ფაქტზე შეუსწრო ცოლს მეზობელთან. შეძრწუნებულმა აიღო იქვე დაგდებული ჯოხი და ამ ჯოხით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ორივეს. მისი მეუღლე გადარჩა, მამაკაცი კი გარდაიცვალა. ცალსახად, აფექტში იყო ჩადენილი მკვლელობა. ჩემი დასაცავი ამბობდა, მეზობლის ჭიშკარში შესულს, ცოლის ვნებიანი კვნესის ხმა რომ შემომესმა, გავგიჟდიო. ამის შემდეგ მისი მეხსიერება ფრაგმენტულია, რაც აფექტს ახასიათებს. წინ გადაეღობა მეზობელი მამაკაცი და ჰკითხა, შენ აქ რა გინდაო? ვერ იხსენებდა ბრალდებული, რა უპასუხა. არც ის ახსოვდა, ჯოხი საიდან გაჩნდა მის ხელში და მერე რა მოხდა.

სახლში რომ დაბრუნებულიყო, იქიდან დანა წამოეღო და დანაშაული მერე ჩაედინა, აფექტის საკითხი შესაძლოა ეჭვქვეშ დამდგარიყო, მაგრამ მან იქვე დაგდებული ჯოხი აიღო და მამაკაცს ურტყა. ამბობდა, ცოლის შიშველ მხარს ამ მამაკაცის ზურგს უკან მოვკარი თვალი და მერე არაფერი მახსოვსო.

არც ის ახსოვს, ცოლს ჯოხი რამდენჯერ ჩაარტყა. გონს რომ მოვედი, მიწაზე ვეგდე და ვკანკალებდიო. როგორც ჩანს, დანაშაულის შემდეგ ცოლის გადარჩენას ცდილობდა და მოსასულიერებლად წყალს ასხამდა. ეს შეცოდების მომენტიც აფექტისთვისაა დამახასიათებელი. ყველა გარემოება ადასტურებდა აფექტს, მაგრამ ის მაინც განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 16 წელი მიუსაჯეს.

შემდეგ ამნისტია შეეხო, სასჯელი გაუნახევრდა, რეალურად 6 წელი იჯდა ციხეში და გათავისუფლდა. ამ მძიმე ფაქტის მიუხედავად, ერთი დღეც არ ყოფილა, ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის არ ეგულშემატკივრა. ცოლი ციხეშიც აკითხავდა მას და დღესაც ერთად ცხოვრობენ...

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 VIDEO: რა შემთხვევაში არ დაუტოვებს ქონებას შვილს სალომე გოგიაშვილი

👉 VIDEO: სათვალთვალო კამერით ნაპოვნი დანაშაულის ადგილი და ორმაგი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“

👉 VIDEO: „ღვინოვ, კახურო“ განსხვავებული ტექსტით - პაატა გულიაშვილის, ჩაინიკას და ზურა ნიჟარაძის შესრულება